ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
1975 წელს მოსკოვში გამოიცა ვიქტორ სანეევის წიგნი „საფეხურები კვარცხლბეკისკენ“, რომელშიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ახალგაზრდობას თავის მდიდარ გამოცდილებას უზიარებს. გამოცდილება და სხვისთვის გასაზიარებელი ცოდნა კი სანეევს უკვე მაშინ ძალიან ბევრი ჰქონდა.
ამერიკული ჟურნალი „ტრეკ ენდ ფილდ ნიუს“ იმავე 1975 წლის ოქტომბერში წერდა:
„ჩვენ აქამდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დონის სპორტსმენია ვიქტორ სანეევი. არადა, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მძლეოსანი. მოქმედ სპორტსმენთაგან იშვიათად თუ გაუგონია ვინმეს ასეთი შეფასება საკუთარ თავზე, მაგრამ სანეევი ამას იმსახურებს.
საბჭოთა მძლეოსანს აგერ უკვე მრავალი წელია ბადალი არ ჰყავს დიდ შეჯიბრებებში. ჩვენი ჟურნალი მეშვიდე წელია ზედიზედ ასახელებს მას მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად სამხტომში. ეჭვგარეშეა, რომ მისთვის არც ეს წელიწადი იქნება გამონაკლისი. სეზონის საუკეთესო შედეგების ცხრილში სანეევს ოთხი ზედა სტრიქონი უკავია. იგი არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს 1975 წლის საუკეთესო მძლეოსნის სახელის პრეტენდენტად.
მივუზღოთ სანეევს თავისი: იგი მონრეალში გამარჯვების ასპროცენტიანი პრეტენდენტია. და თუ ეს მოხდა, ვიქტორ სანეევი მესამე მძლეოსანი იქნება სპორტის ისტორიაში, რომელიც ჩემპიონი გახდა სამ ოლიმპიურ თამაშებში“.
ამ დროს კი სისტემა სანეევის ოლიმპიურ გუნდში მოხვედრას სათუოდ მიიჩნევდა და მიზეზად მის ასაკსა და ტრავმებს ასახელებდა.
სისტემა თავისი აკეთებდა, სანეევი – თავისას.
მონრეალის ოლიმპიადამდე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიუნხენში გამართულ ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა დახურული დარბაზებისთვის. ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვანი იყო, რადგან იქ, თუმცა არა სამხტომის სექტორში, მაგრამ პირადად პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სანეევი და ოლივეირა. ბრაზილიელი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, იგი დასაზვერად იყო ჩამოსული მიუნხენში.
„იმ ჩემპიონატში ბრაზილიელზე დაკვირვებული მაყურებელი არ მყოლია. თვალს არ მაცილებდა, ჩემს ყოველ მოძრაობას სწავლობდა. მე თავიდანვე მომეწონა ეს ახოვანი (186 სმ) ჭაბუკი, რომელსაც საოცრად გულღია და ხალისიანი ხასიათი აღმოაჩნდა. ოლივეირას გუნდ-გუნდად დასდევდნენ ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები. ეტყობა, მათი საზოგადოება ბრაზილიელს არ აკრთობდა, რადგანაც ხალისით იძლეოდა ინტერვიუებს. მოსწონდა საყოველთაო ყურადღება. თავისი არ უნდა დავუკარგოთ ოლივეირას – იგი გამუდმებით მაქებდა ჟურნალისტებთან, ჩემდამი კეთილგანწყობა მან იმითაც გამოამჟღავნა, რომ ბრინჯაოში ჩამოსხმული მორბენლის მომცრო ქანდაკება მაჩუქა“.
მონრეალის ოლიმპიური სტარტების წინ სანეევი, ტრადიციულად, კვლავ ჩრდილში იყო. ყველა ოლივეირაზე ლაპარაკობდა და მას უწინასწარმეტყველებდა ჩემპიონობას. პერეს დუენიასიც და ამერიკელი ჯეიმს ბატსიც ოქროს მედლის უფრო სერიოზულ კანდიდატებად განიხილებოდნენ, ვიდრე 31 წლის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი; მაგრამ ვიქტორ სანეევი და მისი მწვრთნელები სხვაგვარად ფიქრობდნენ.
საკვალიფიკაციო წრეში ოლივეირამ მართლაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. სანეევი მხოლოდ მეორე იყო.
„და აი, გადამწყვეტი ბრძოლის დღეს დადგა. კრეერი კვლავ მაძლევს ბარათს წარწერით. ორივე ვხვდებით, რომ ახლა ეს უკვე ჩვეული რიტუალია და სხვა არაფერი. ვერავითარი სამახსოვრო ვერ მიშველის, თუ თვითონვე არ დავიოკებ მღელვარებას და დავივიწყებ, რა უნდა გავაკეთო. მაგრამ ამ ბარათს ისე ვიღებ, როგორც თილისმას, რომელიც ჩემთან იყო მეხიკოსა თუ მიუნხენში. მწვრთნელიც ასე უფრო მშვიდად იქნება.
სექტორში რომ გამოვედი, მივხვდი, ხალხი ჩემს წინააღმდეგ იყო განწყობილი – ტრიბუნებზე ძირითადად ამერიკელები სხედან და თავიანთ მხტომელებს ქომაგობენ. ყველაფერი ისეა, როგორც მეხიკოსა და მიუნხენში, მხოლოდ მეტოქეებია ახალი. „მექსიკელებიდან“ ერთი მეღა დავრჩი, მიუნხენის ფინალიდან კი – მხოლოდ კორბუ. გეგმა ასეთია: პირველივე ცდიდან უნდა შევეცადო ლიდერებში მოხვედრას. მერე კი დაუყოვნებლივ „ვუპასუხო“ მოწინააღმდეგეთა თითოეულ ცდას. ვიცოდი, რომ ამერიკელებისგან ნებისმიერ ნახტომშია მოსალოდნელი სიურპრიზი. არც ოლივეირასთვის შეიძლება თვალის მოცილება: სიგრძეზე ხტომაში მან მეოთხე ადგილი აიღო და ახლა სამხტომში მხოლოდ მედალზე ფიქრობს“.
პირველი ცდა სანეევს გაუცუდდა – არეკნის ზოლს დააბიჯა; წინ კი კუბელი პერესი გავიდა შედეგით 16.81. მეორე ცდაზე სანეევმა მეორე შედეგი აჩვენა, მაგრამ იქვე ამერიკელმა ჯეიმს ბატსმა იგი მესამე ადგილზე ჩააჩოჩა. ოლივეირას ნახტომები არ წაუვიდა – პირველ ცდაზე, სანეევის არ იყოს, არეკნის ზოლს დააბიჯა, მეორე ცდაზე კი მხოლოდ 16.15 აჩვენა. მესამეზე ცდაზე სანეევი, პირველი მონრეალის ოლიმპიადის მონაწილეთაგან, 17 მეტრზე შორს გადახტა – 17.06. ოლივეირა, როგორც ჩანს, სიგრძეზე ხტომამ გადაღალა, როგორც თავის დროზე სანეევი საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე, და ვიქტორი გრძნობს, რომ ბრაზილიელი მას წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს. მაგრამ ოლივეირას საკუთარ დაღლილობასაც გადაახტა და, სანეევის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეორე შედეგი აჩვენა. სანეევმა კი მეოთხე ცდაზეც არეკნის ხაზს დააბიჯა. ხოლო ლიდერობა ამერიკელმა იგდო ხელთ – 17.18. სტადიონი ლამის დაინგრა გულშემატკივართა ოვაციისაგან.
„მაგრამ ეს მე მხოლოდ ხელს მაძლევდა: გავბრაზდი და კარგი ნახტომით ვუპასუხე. ორმოდან ამოვდივარ – სიჩუმეა. შემეშინდა კიდეც, ხომ არ დავაბიჯე-მეთქი. არა. ვხედავ, მსაჯს თეთრი ალამი უჭირავს. ესე იგი ნახტომი ჩაითვალა. ტაბლოზე ინთება შედეგი – 17.29“.
მეხუთე ცდაზე ნაჩვენები ამ შედეგით ვიქტორ სანეევმა ერთგვარად შეაჯამა მონრეალის სამხტომელთა ტურნირი. ეს 6 სანტიმეტრით ნაკლები იყო, ვიდრე მის მიერ მიუნხენში ნაჩვენები შედეგი, რომელიც, თავის მხრივ, 4 სანტიმეტრით ჩამორჩებოდა მეხიკოში დამყარებულ მსოფლიო რეკორდს. მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკისათვის. მთავარია, რომ ვიქტორ სანეევი მონრეალში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
იმის მიუხედავად, რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, სანეევს მონრეალიდან უკმარისობის გრძნობა გამოჰყვა იმ თავისი ბოლო ნახტომის გამო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბოლო ნახტომი საერთოდ არ შედგა, რადგანაც გამორბენი იმდენად ელვისებური იყო, რომ ვიქტორმა ხაზს ფეხი დააბიჯა, ეს იგრძნო და ნახტომი აღარ დაუმთავრებია. მეორეც – მის კონკურენტებს, ოლივეირასა და ბატსს, რომლებიც სანეევის შემდეგ ხტებოდნენ, კიდევ რჩებოდათ გამარჯვების შანსი და რა გუნებაზე უნდა ყოფილიყო ადამიანი, როდესაც ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მის მეტოქეებზე იყო დამოკიდებული, თავად კი არაფრის შეცვლა და გამოსწორება აღარ შეეძლო.
„ბოლოსდაბოლოს სამხტომი ხომ არც კრივია და არც ჭიდაობა, სადაც მოწინააღმდეგეები უშუალო შეხებაში არიან ერთმანეთთან და შეუძლიათ შეზღუდონ მეტოქის მოქმედება და ამა თუ იმ ილეთის გამოყენებით დაამარცხონ იგი თავისი კუნთების ძალით. სექტორში ჩვენ ყველანი ჩვენ-ჩვენთვის ვხტებით. მოწინააღმდეგის მოქმედება ჩვენზე არ არის დამოკიდებული“.
ამიტომაც არ მიიჩნევდა სანეევი თავის გამარჯვებას ისე სრულფასოვნად, როგორიც თავიდან ეწადა. მან ვერც თავის პირვანდელ ჩანაფიქრს შეასხა ხორცი – ვიქტორი მზად იყო ოლიმპიადაზე 17 მეტრსა და 60 სანტიმეტრზე გადამხტარიყო. გამარჯვებისათვის საჭირო შედეგი გაცილებით მოკრძალებული აღმოჩნდა.
„არ მეგონა, ამ ნახტომით თუ გადავწყვიტე ბრძოლა ბედი. ბოლო ცდისთვის ვემზადებოდი. ნახევარი ტერფით უკან გადავანაცვლე გამორბენის საწყისი ადგილი და მთელი ძალით გავქანდი, მაგრამ უკვე ბოლო ნაბიჯებზე ვიგრძენი, რომ ვაბიჯებდი. არაფრით მეგონა, თუ შეჯიბრების ბოლოს ამდენი ძალა შემრჩებოდა. არადა, როგორ მინდოდა მეხიკოში დამყარებული ჩემივე ოლიმპიური რეკორდის გაუმჯობესება. მაგრამ რა გაეწყობა: არ გამომივიდა ნახტომი, რომელიც – ამაში დარწმუნებული ვარ – ყველაზე გრძელი იყო ჩემი ნახტომებიდან“.
* * *
რეკორდი ვიქტორ სანეევისათვის, როგორც თვითონ ამბობს, თვითმიზანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ რეკორდის გაუმჯობესებაზე ოცნება მუდამ თან სდევდა.
„მონრეალის ოლიმპიადის შემდეგ, ისევე როგორც მიუნხენის შემდეგ, მსოფლიო რეკორდზე ვოცნებობდი. რა თქმა უნდა, მესმოდა, რომ 18 მეტრს მიახლოებული შედეგის საჩვენებლად მრავალი გარემოების თანხვედრა იყო აუცილებელი. საჭირო იყო ყველა საკონტროლო ვარჯიშში ამამაღლებინა შედეგები, მთლიანად მომერჩინა ტრავმები, საუკეთესო სპორტული ფორმისთვის მიმეღწია და საკმაო სიმაღლეზე ძლიერ კომპანიაში მეასპარეზა. სსრკ სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს წერილიც კი გავუგზავნე, რომელშიც ვთხოვდი, რომ მეხიკოში გამოსვლის საშუალება გამოეძებნათ.
მაგრამ ყველა ეს ოცნება და გარჯა 1977 წლის დამდეგისათვის ამაო აღმოჩნდა. ჩემი სპორტული ფორმა თანდათან უმჯობესდებოდა, როცა კვლავ ამტკივდა ფეხი; თან ისე, რომ ხტომებზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. ტკივილები აუტანელი გახდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ტერფში ერთი ძვალი განუწყვეტლივ ეხახუნებოდა მეორეს. სიარულის დროსაც კი იძულებული ვიყავი ფეხი გვერდულად დამედგა. ამას ისიც დაემატა, რომ აქილევსის მყესის იოგები ამტკივდა.
მაშინ კი გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. ძალიან დამეხმარა საკავშირო სპორტკომიტეტი, ფინეთში გამაგზავნა ამ ტიპის ტრავმების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტთან. ოპერაცია 1977 წლის 5 ოქტომბერს გავიკეთე“.
22 ოქტომბერს პირველად წავიდა სავარჯიშოდ. მერე სირბილი დაიწყო. ძალიან დაეხმარა ვალერი ბორზოვი, რომელმაც რამდენიმე მეტად სასარგებლო ვარჯიში აჩვენა. 1978 წლის ზაფხულისათვის სახტომ სექტორს დაუბრუნდა. თავიდან 16.34 აჩვენა, ზაფხულის ბოლოს კი 17-მეტრიან ზღვარსაც მიუახლოვდა.
(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)