logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი მეშვიდე
- +

9 იანვარი. 2022. 11:59

 

1978 წელს თბილისმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს უმასპინძლა მძლეოსნობაში, სწორედ იმას, რომელზეც სიმაღლეზე მხტომელმა ვლადიმირ იაშჩენკომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 16-წლიანი პაუზის შემდეგ ვიქტორ სანეევი პირველად (და უკანასკნელად!) გამოდის თბილისში. 16 წლის წინათ, 1962-ში 12 წლის სოხუმელმა ბიჭუნამ აქ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში იასპარეზა და სამხტომთან ერთად 100 მეტრზე რბენა და სიგრძეზე ხტომა მოიგო.

 

საქართველოს რეკორდები სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში სწორედ სანეევს ეკუთვნოდა.

 

მშობლიური რესპუბლიკის დედაქალაქში საქართველოს რეკორდსმენი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის რანგში უნდა გამოსულიყო.

 

ტრავმებით გაწვალებულმა სანეევმა თბილისში 17-მეტრიანი ზღვარი დასძლია და მეექვსედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.

 

„შესაძლოა, დღეს უფრო მეტად ვღელავდი, ვიდრე წინა წლებში, რადგან არ მინდოდა, თავი შემერცხვინა ჩემი ქალაქის გულშემატკივრების წინაშე, რომლებიც ასე მტკივნეულად განიცდიან თავისიანის თითოეულ წარუმატებლობას. ძალიან მოხარული ვარ, რომ 17-მეტრიან ზღვარს გადავაბიჯე და ჯილდოდ ოქროს მედალი მოვიპოვე“, – თქვა სანეევმა თბილისური წარმატების შემდეგ.

 

ვისაც ჰქონდა სანეევის ამ გამოსვლის ნახვის ბედნიერება, – და მე ეს ბედნიერება მქონდა, – მისი მეხსიერებიდან არასოდეს წაიშლება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის სახე, რომელიც ისე იყო დაძაბული, როგორც არასოდეს, – არც მაშინ, როცა ამ სახეს ტელეეკრანზე ახლო პლანით აჩვენებდნენ ოლიმპიური რეპორტაჟების მსვლელობისას.

 

სანეევის ის გამარჯვება უფრო მეტი იყო, ვიდრე საკავშირო პირველობის მოგება, ის გამარჯვება დიდი ჩემპიონის მხრიდან საკუთარ გულშემატკივართა წინაშე ვეებერთელა პასუხისმგებლობის გამოვლინება, მათ მიმართ მისი დიდი პატივისცემის დადასტურება და სიყვარულის დამტკიცება იყო.

 

მერე იყო საბჭოთა კავშირის ხალხთა VII სპარტაკიადა. სანეევი სპარტაკიადაზე გამარჯვებას და მსოფლიო თასზე გამოსვლის უფლების მოპოვებას გეგმავდა – ეს ერთადერთი ასპარეზობა იყო, რომელშიც მან მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული.

 

მაგრამ სპარტაკიადაზე მან მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა. მაშინ მისი ამ ჩავარდნის მიზეზებზე ბევრი არაფერი თქმულა პრესაში, თავის წიგნში კი ვიქტორ სანეევი დაწვრილებით მოგვითხრობს ყველაფერს:

 

სპარტაკიადამდე ბევრი არაფერი იყო დარჩენილი, როცა მას უჩვეულო წინათგრძნობა და განგაში დაეუფლა დედამისის გამო. თბილისიდან რამდენჯერმე დარეკა სოხუმში, მაგრამ არავინ უპასუხა. მალე სოხუმიდან დედის გარდაცვალების ამბავი გააგებინეს.

 

„მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე. დედაზე ვფიქრობდი. გავიხსენე, როგორ გამაცილა მეხიკოში 1968 წელს. მაშინ უკვე გამოცდილი მოგზაური ვიყავი, მაგრამ დედა მაინც ვერ ეგუებოდა ჩემს შორეულ მგზავრობებს. იგი იშვიათად ტოვებდა მშობლიურ სოხუმს და მექსიკა მართლა ცხრა მთას იქით ეგონა...

 

ვიხსენებდი, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან მოსულს, ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ კარგად მევარჯიშა და დამესვენა... როგორ ზრუნავდა, რომ ჩემი სპორტული ფორმა ყოველთვის სრულ წესრიგში ყოფილიყო, სუფთა და გაუთოებული. დედა ყოველდღე რეცხავდა, თუმცა რამდენჯერ მითქვამს, ასე ხშირად არ არის-მეთქი საჭირო. მას სურდა, სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, არამედ ყველაზე აკურატული, ყველაზე სუფთა და ყველაზე ლამაზი ყოფილიყო. რამდენ ენერგიას ხარჯავდა იგი გემრიელი წვენების, ნახარშების, კომპოტების, მურაბების მომზადებაში!..

 

ვიხსენებდი, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმებს ვიშუშებდი. ვიხსენებდი მის ბალახებს, ნაყენებს, სველ საფენებს, კომპრესებს. საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასოდეს ავიწყდებოდა, შეეხსენებინა ჩემთვის სახვევის გამოცვლის, წამლის დალევის, მასაჟის გაკეთების დრო.

 

ჩემი ტკივილი მისი ტკივილი იყო. და აი, დედა აღარ არის.

 

მართალი უთქვამთ, მდგომარეობიდან გამოსასვლელად შრომაზე კარგი წამალი არ არსებობს. სპარტაკიადამდე თითქმის აღარაფერი რჩებოდა. მონუსხულივით დავიწყე ვარჯიში. აზრადაც არ გამივლია, რომ მოსკოვში არ გამოვსულიყავი – ჩემი რესპუბლიკის გუნდისთვის არასოდეს მიღალატია“.

 

სანეევმა საქართველოს გუნდს არ უღალატა და სპარტაკიადაზე მისი ღირსებაც დაიცვა, მაგრამ იქ ნაჩვენები შედეგებით მსოფლიო თასზე პრეტენზიას ვერ განაცხადებდა. სპარტაკიადაზე ხელის მოცარვის შემდეგ სამგზის ოლიმპიურ  ჩემპიონს ორი სხვა შეჯიბრება ეიმედებოდა – ძმები ზნამენსკების მემორიალი და მხტომელის დღე. დარწმუნებული იყო, რომ ან ერთზე ან მეორეზე აუცილებლად შეძლებდა შესაფერისი შედეგების ჩვენებას. მაგრამ კრეერი კანდიდატების შერჩევის პრინციპის ერთგული რჩებოდა – მსოფლიო თასზე საასპარეზოდ მან მწვანე შუქი ვალიუკოვიჩს აუნთო, რომელმაც სპარტაკიადა საკმაოდ მაღალი შედეგით – 17.21 – მოიგო.

 

„არასოდეს ვეწინააღმდეგებოდი შერჩევის სპორტულ პრინციპს, მაგრამ მეგონა, რომ ჩემი შემთხვევა განსაკუთრებული იყო, ჩემს მდგომარეობას გაითვალისწინებდნენ და მსოფლიო თასზე მონაწილეობისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მომცემდნენ, ვთქვათ, პირობას დამიდებდნენ, რომ თუ ზნამენსკების მემორიალზე ან მხტომელის დღეზე 17.30-იან შედეგს ვაჩვენებდი, იმ მთავარ შეჯიბრებაში მივიღებდი მონაწილეობას. მაგრამ კრეერი შეუბრალებელი იყო. ამიტომაც, ბუნებრივია, იმ ორ ტურნირში ყოველგვარი ენთუზიაზმის გარეშე ვმონაწილეობდა. ახლა მომავალ ოლიმპიადაზე ვფიქრობდი“.

 

მაგრამ არათუ მსოფლიო თასი, ოლიმპიადაც ჰაერში გამოეკიდა: სანეევი ბოლომდე მაინც ვერ გამოვიდა სტრესიდან და ზნამენსკების მემორიალზე მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ და მეორე ადგილებზე  გასულებმა – იააკ უუდმიაემ და ევგენი ანიკინმა, რომლებმაც სხვათა შორის ერთნაირი შედეგი აჩვენეს – 17.07 – პირდაპირ მიიღეს ოლიმპიადის საგზური, სანეევის ბედი კი მწვრთნელთა საბჭოს უნდა გადაეწყვიტა.

 

„უკვე პრაღის ევროპის ჩემპიონატის მზადებისას, მრავალი წლის მანძილზე პირველად წავაწყდი პრობლემას, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, ჩემი ლიდერობის მანძილზე გადავეჩვიე. იმჟამად საბჭოთა კავშირის ნაკრებში ადგილის მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლების გადატანა მომიხდა. ახალგაზრდა მხტომებელს ვეტოქებოდი, რომელთაც უკვე მოეხვეჭათ სახელი საკავშირო თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში. გარდა ანატოლი პისკუნოვისა, რომლის მხრებზეც გადაიარა წინა სეზონის მთელმა სიმძიმემ, ნაკრების კარს ჯიუტად უკაკუნებდნენ გუშინდელი იუნიორი, იუნიორთა შორის ევროპის ჩემპიონი, მინსკელი გენადი ვალიუკევიჩი, უკრაინელები ალექსანდრ ლისიჩონოკი, ალექსანდრ იაკოვლევი, გენადი კოვტუნოვი და ესტონელი იააკ უუდმიაე“.

 

მერე ის იყო, სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ბოლოსწინა ეტაპი შესთავაზეს და აგრძნობინეს, რომ მისი მონაწილეობა მოსკოვის თამაშებში ამით ამოიწურებოდა, რამაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი სასტიკად გააღიზიანა და თავისთვის გადაწყვიტა, რომ თუ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემდნენ, მეჩირაღდნის პატივზეც უარი ეთქვა.

 

„მწვრთნელთა სხდომის წინა დღეს დიდხანს ვესაუბრე კრეერს; გვიან საღამოს სასტუმრო „სპორტთან“ ვსეირნობდით; გუნდი აქ იყო დაბინავებული. კრეერი მიმტკიცებდა, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობაზე პრეტენზია არ უნდა მქონოდა, მეუბნებოდა, რომ სჯობდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის შარავანდედით მოსილი წავსულიყავი; ეეჭვებოდა, რომ მზად ვიყავი 17.50-17.60 მეტრის ფარგლებში საბრძოლველად, რადგან სწორედ ეს შედეგი მიაჩნდა მას ოლიმპიადაზე სავარაუდოდ. მირჩევდა, რომ თავად მეთქვა უარი თამაშებში მონაწილეობაზე. ახლაც არ ვიცი, რატომ მეუბნებოდა ამას. იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, არ უნდა გამოვსულიყავი, თუ უბრალოდ ასეთი გულწრფელი საუბრით სურდა გაეგო, მართლაც მზად ვიყავი, თუ არა უკანასკნელ შესაძლებლობამდე მებრძოლა. მაინც ვერ შევთანხმდით“.

 

მოსკოვის ოლიმპიადის წინ, 1980 წლის მარტში, სანეევმა ახალი ამბების სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა:

 

„ოლივეირა მოსკოვის თამაშებზე გამარჯვების უპირველეს პრეტენდენტად მიმაჩნია, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მას გზაზე არაერთი ნიჭიერი სპორტსმენი გადაეღობება. რაც შემეხება მე, ჯერ არ ვარ მზად, დავიცვა ერთხელ მოპოვებული და ორჯერ დადასტურებული ჩემი ტიტული, მეტიც – მძიმე დავა მელის ჩემს ახალგაზრდა თანამემამულეებთან ოლიმპიურ ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად“.

 

ალბათ ამიტომაც იყო, რომ ოლიმპიური წლის, 1980 წლის პირველ  დღეც, 1 იანვარიც კი  სანეევმა ვარჯიშში გაატარა. მან ადგილი ოლიმპიურ ნაკრებშიც შეინარჩუნა და ოლიმპიურ პიედესტალზეც, ხოლო მსოფლიო სპორტის ისტორიაში ისეთი ადგილი დაიმკვიდრა, ცოტას რომ ღირსებია.

 

„მე ჯერ კიდევ მონრეალის თამაშებისთვის ვემზადებოდი, როცა ცნობილი გახდა, რომ 1980 წლის ოლიმპიადა მოსკოვში ჩატარდებოდა. მაშინ ვთქვი, თუ მონრეალში მოვიგე, მოსკოვისთვის სამზადისს დავიწყებ-მეთქი“.

 

უკვე მაშინ სანეევი მწვრთნელობაზეც ფიქრობდა და ჟურნალისტებს თავისი ასეთი ოცნებაც გაუმხილა:

 

„იქნებ უროს მტყორცნელ ანატოლი ბონდარჩუკის მონრეალური დიდი ბედნიერება გავიზიარო და მოსკოვის ხტომის სექტორში მეც ჩემს მოწაფესთან ერთად გამოვიდე“...

 

სამწუხაროდ, სანეევის ამ ოცნებას ასრულება არც სამოსკოვედ ეწერა და საერთოდაც, მას სამწვრთნელო კარიერაში არ გაუმართლა, არ მიეცა საშუალება უმაღლესი დონეზე მოემზადებინა მხტომელები. არადა, ამ მხრივ ბევრის გაკეთება შეეძლო, იმთავითვე გრძნობდა ამის პოტენციას. როგორი სპეციალისტია იგი, მის საკუთარი მაგალითზეც ჩანს – წლების განმავლობაში ვიქტორ სანეევი ფაქტობრივად თავად იყო თავისი თავის მწვრთნელი.

 

აი, რას ამბობდა მის შესახებ საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიტოლდ კრეერი:

 

„ჩემპიონები მეტისმეტად რთული, თუ გნებავთ ჭირვეული ხალხია. ისინი არავის არ გვანან. მათთან ძნელია ურთიერთობა. მაგრამ იქნებ სწორედ ამიტომაც არიან ისინი ჩემპიონები! უნიჭიერესი ადამიანები ცხოვრებაში თითზე ჩამოსათვლელნი არიან. იგივე შეიძლება ითქვას ფენომენალურ სპორტსმენებზე, რომელთაც მე უყოყმანოდ მივაკუთვნებ სანეევს. რად სჭირდება მწვრთნელი ვიქტორს? იგი თვითონ არის ერთდროულად სპორტსმენიცა და მწვრთნელიც. მან ყველაფერი იცის მძლოსნობის ურთულეს სახეობაში – სამხტომში, იცის თეორიულადაც და, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად. სეზონის დიდ ნაწილს იგი უმწვრთნელოდ ატარებს: თავისით ვარჯიშობს, თავისით ეძებს ფარულ შესაძლებლობებს. მაშ, უნდა თუ არა სანეევს მწვრთნელი? უნდა, ოღონდ არა იმდენად მწვრთნელი, რამდენადაც მრჩეველი, პარტნიორი, კონსულტანტი. ტრადიციულად გაგებულ მწვრთნელს მისთვის, შესაძლებელია, ხელიც კი შეეშალა. აი, მე ვამბობ და ვერც ვამბობ იმას, რაც სანეევზე მინდოდა მეთქვა.  იგი, შეიძლება ითქვას, პიროვნებაა, ვგონებ, მივაგენი საჭირო სიტყვას. ბევრია ძლიერი  სპორტსმენი, ბევრია ჩემპიონი და რეკორდსმენი, მაგრამ მათ შორისაც არიან სუპერჩემპიონები და სუპერრეკორდსმენები. ასეთ ათლეტებს ვუწოდებ სპორტულ პიროვნებებს, რომლებიც თავისებური სიმბოლოები ხდებიან, თავისებური ნიმუშები და მისაბაძი მაგალითები. ასეთი სპორტსმენია ვიქტორ  სანეევი. და მე არ მიკვირს, რომ იგი ხშირად არ იზიარებს ჩემს მოსაზრებებს, რასაც, სხვათა შორის, შემდგომ პრაქტიკულად ამტკიცებს. რაც თავი მახსოვს, არც ერთ გამოჩენილ სპორტსმენს, მძლეოსანს, ასე უწყვეტად არ ჰქონია ამდენი გამარჯვება. ეს ფანტასტიკაა, დაუჯერებელია! მენდეთ, მძლეოსნობაში ბევრი რამ გამეგება“.

 

„მე ორი თვისება აღმომაჩნდა, რომლებმაც ხელი შემიწყეს წარმატებაში. ერთი თანდაყოლილია – გამარჯვების წყურვილი. 1963 წელს ვოლგოგრადული ტირილის შემდეგ არაერთი დასანანი მარცხი ვიწვნიე, მაგრამ გამარჯვების წყურვილი არ გამნელებია. მეორე თვისება წლების მანძილზე გამომიმუშავდა და წარმატებათაგან გაუცხოება შეიძლება ვუწოდოთ. წლების მანძილზე ეს ერთგვარ რიტუალად მექცა, რომელიც ოლიმპიადისშემდგომი პირველივე ვარჯიშიდან იწყება. ოლიმპიურ მედალს გვერდზე ვდებ და წარმოვიდგენ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი კი არა, რიგითი პირველთანრიგოსანი ვარ, რომელიც სპორტის ოსტატობის კანდიდატობისთვის იბრძვის, სპორტის ოსტატობას ესწრაფვის  და  საერთაშორისო სპორტის ოსტატობაზე ოცნებობს.  ამისთვის კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს – შრომა, ანუ როგორც სპორტსმენები ვამბობთ, „პახაობა“. რეცეპტი არცთუ ახალია, მაგრამ უკეთესიც ჯერ არავის მოუგონია“.

 

* * *

კრეერთან საუბრის მეორე დღეს სანეევმა გაიგო, რომ მწვრთნელთა საბჭოს ნდობა გამოუცხადებია მისთვის და ოლიმპიადაზე იგი ალექსანდრ ბესკროვნის ნაცვლად გამოვიდოდა, რომელიც მესამე იყო ზნამენსკების მემორიალზე.

 

ვიქტორ სანეევს ახლა მხოლოდ ნდობის გამართლება მართებდა. მთელი მისი ყურადღება ოლიმპიადისათვის სამზადისისაკენ იყო მიმართული.

 

„რამდენიმე დღით დასასვენებლად სოხუმს გავემგზავრე, შემდეგ კი პოდოლსკში ჩავედი, ოლიმპიადისწინა უკანასკნელ შეკრებაზე.

 

ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. ერთი მხრივ, ისე უნდა მევარჯიშა, რომ სპორტული ფორმა ამემაღლებინა, რაც მხოლოდ მძიმე საშუალებების დახმარებით იყო შესაძლებელი, მეორე მხრივ ფეხს უნდა გავფრთხილებოდი. ამ დროს ფსიქოლოგიურადაც მიჭირდა: ნერვული ენერგიაც უნდა შემენარჩუნებინა; მეტოქეებისთვის უნდა დამემალა, რომ ტრავმირებული ვიყავი.... უკან დახევა გვიან იყო, თანაც ისე ვიყავი მიჩვეული შეჯიბრებებში მტკივნეული ფეხით გამოსვლას,  რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, ძლიერი ტკივილი მქონდა თუ ნაკლებად ძლიერი. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ ბოლო სამ ცდაში (ფინალში რომ მოვხვდებოდი, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა და არც ვფიქრობდი) მთელი ძალები მომეკრიბა და არ მეფიქრა, რა მომივიდოდა“.

 

ამას მოჰყვა მოსკოვი, რომელსაც ცრემლების არ სჯერა. არა, სანეევის თვალზე ცრემლი არავის დაუნახავს. ცრემლი მის გულშემატკივართა თვალებში აციმციმდა. როცა ოლიმპიური სტადიონის ბილიკზე ვიქტორ სანეევი გამოჩნდა ოლიმპიური ჩირაღდნით ხელში, ცრემლი ვერც მე შევიკავე, ამ ისტორიული მომენტით მონუსხული ტელევიზორის წინ ფეხზე ავდექი და მრავალათასიანი სტადიონის ოვაციას ჩემი ტაშიც შევუერთე.

 

აი, როგორ აღწერს იმ ისტორიულ მომენტს თავად ვიქტორი თავის წიგნში „მეოთხე სიმაღლე“, რომელიც 1984 წელს გამოიცა მოსკოვში და რომლიდანაც არის მოხმობილი ძირითადად ჩვენს მიერ ამ ნარკვევში დამოწმებული სანეევის სიტყვები:

 

„თამაშების გახსნის დღეს სტადიონზე უნდა შემომეტანა ოლიმპიური ჩირაღდანი და იმ მეორე ოლიმპიური ჩემპიონისთვის, კალათბურთელ სერგეი ბელოვისთვის გადამეცა. ის, ვისაც ამ ცერემონიალში მონაწილეობა არ მიუღია, ვერ წარმოიდგენს, რა ძალასა და სულიერ მღელვარებას ითხოვს იგი ადამიანისაგან. რეპეტიციაში მონაწილეობაც კი უდიდესი დაძაბულობაა. ეს დიდი პატივიცაა და დიდი პასუხისმგებლობაც. მე ყოველი ჩემი მაშინდელი ნაბიჯი და გულისცემა მახსოვს. თვით იმის გააზრება, რომ წმიდათაწმიდა ცეცხლით მორბიხარ ასი ათასი მაყურებლის, მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა თვალწინ, რომ იმ წუთებში შენ შემოგცქერის სპორტის მილიარდი მოყვარული ყველა კონტინენტიდან, ჯერაც განუცდელ და სიტყვით აღუწერელ გრძნობას ბადებს იმ მოვლენის მნიშვნელობის გამო, რომელშიც შენ უშუალო მონაწილეობას იღებ.

 

მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როდესაც სერგეის ჩირაღდანი გადავეცი, ისეთი განცდა დამეუფლა, როგორც უკანასკნელი ნახტომის შემდეგ მეხიკოს ოლიმპიადაზე. სერიოჟაც უკიდურესად დაძაბულიყო. ჩირაღდანთან ერთად მან ჩემი თითიც ჩაბღუჯა და ხელი ვერაფრით ვეღარ გაშალა. თუმცა ეს წუთიერი შეფერხება არავის შეუმჩნევია... კიდევ კარგი, ჩემს გამოსვლამდე ექვსი დღე იყო და ასეთი დაძაბულობის შემდეგ ძალების აღდგენას შევძლებდი“.

 

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სანეევმა მთლიანად ვერ შეძლო იმ ფიზიკური და ემოციური ენერგიის აღდგენა, რომელიც მან იმ საპატიო მისიის აღსრულებისას დაკარგა; თანაც ორჯერ – გენერალურ რეპეტიციაზე, რომელსაც ასიათასიანი აუდიტორია დაესწრო, და გახსნის ცერემონიაზე.

 

მოსკოვში არცერთმა უცხოელმა მოწინააღმდეგემ არ იცოდა, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში სანეევმა მხოლოდ სამი სრულფასოვანი ვარჯიშის ჩატარება შეძლო, ისე სტკიოდა ფეხი. ეს მხოლოდ მისმა თანაგუნდელებმა იცოდნენ.

 

მაგრამ სანეევისთვის მოსკოვის ოლიმპიადა ბოლო ასპარეზობა იყო და იგი აღარც მტკივან ფეხებს გაფრთხილებია და აღარც თავი დაუზოგავს.

 

„სტარტამდე ოთხიოდე საათით ადრე პირველად დავრჩი ოთახში მარტო და წერილებისა და დეპეშების გადაკითხვა დავიწყე. ასიოდე ნაცნობი თუ უცნობი წარმატებას მისურვებდა ჩემს მეოთხე ოლიმპიადაზე. ეს ნდობა ძალას მმატებდა. ესე იგი სხვასაც სჯეროდა, რომ კარგად გამოსვლა შემეძლო“.

 

შეეძლო, მაგრამ იმ დღეს ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო: ტრავმირებული და მტკივანი ფეხები, ქარი, წილისყრა, მსაჯები...

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner