logo_geo
eng_logo
ლეგენდის იუბილე - 65 წლის წინ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელია დაიბადა
- +

9 იანვარი. 2022. 18:31

 

 

თბილისის „დინამოს“ და ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ვიტალი დარასელიას დღეს 65 წელი შეუსრულდებოდა.

 

ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი 1956 წლის 9 იანვარს ოჩამჩირეში დაიბადა – ვიტალი დარასელიას პირველი გუნდი ამავე ქალაქის „ამირანი“ იყო, სადაც ნოდარ ახალკაცმა შენიშნა და საქართველოს საუკეთესო კლუბში 17 წლის ასაკში ჩარიცხა.

 

დარასელიამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალე დაიმკვიდრა და დარასელია გუნდისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების შეუცვლელ ფიგურად იქცა. „დინამოში“ 1975 წლიდან 1982 წლამდე ჩატარებულ 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა.

 

„მისი როლი ძალიან დიდია დინამოელთა მიერ მოპოვებულ დაუვიწყარ გამარჯვებებში. დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ფინალურ შეხვედრაში, „კარლ ცეისის“ კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც დამსახურებულად არის მიჩნეული ჩვენი კლუბის უმდიდრეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გოლად“, – წერია „დინამოს“ განცხადებაში.

 

დარასელია „დინამოს“ შემადგენლობაში გახდა სსრკ-ს ჩემპიონი (1978), ვერცხლისმედალოსანი (1977), სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე, 1981), საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979).

 

გახდა უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი და მატჩის გმირი 1981 წლის 13 მაისს, სადაც გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ხუთჯერ დაასახელეს. ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა.

 

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. თბილისური კლუბი ყოველწლიურად ატარებს მისი სახელობის ტურნირს, რომელიც საერთაშორისოა და ბევრ ცნობილ კლუბს უთამაშია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner