აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში 10 იანვარს სტრატეგიულ მოლაპარაკებებს გამართავენ. დასავლური მედია წერს, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის გამო, აშშ-სა და ევროპაში შეშფოთება იმატებს.
მოლაპარაკებებზე რუსეთის მთავარი მოთხოვნა იქნება მიიღოს გარანტიები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება და უკრაინაში ნატო რაკეტებს არ განათავსებს. თუმცა, აშშ-ში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს „არავითარი მტკიცე ვალდებულება“ არ იქნება და განიხილება მხოლოდ უსაფრთხოების საკითხები.
პარალელურად, რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, აღმოსავლეთ უკრაინაში საჯარისო ნაწილები სრულად არის მობილიზებული. აშშ რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მოსკოვს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.
მოსკოვში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დაწყების წინ, რუსული მხარე ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.