logo_geo
eng_logo
ზურაბ მეძველია: როგორ დაიღუპა ვიტალა-მეთქი და ვბღაოდი. და ამისგან გათანგულს მეძინებოდა
- +

10 იანვარი. 2022. 01:56

 

გაზეთ სარბიელის ყოფილი მთავარი რედაქტორი, ზურაბ მეძველია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„წინა ცხოვრებაში:

რამაზ შენგელია იყო ჩემი საყვარელი ფეხბურთელი და მისი გოლების უმრავლესობა დღესაც კარგად მახსოვს;

სულ მახსოვს - სად, ვინ და როგორ შემატყობინა, რომ ყიფიანმა ფეხბურთს თავი გაანება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოკი, რომელიც ცხოვრებაში მიმიღია. მერე ეგეთი მგონი მხოლოდ 11 სექტემბერი იყო;

და 25 წლის დარასელია რომ დაიღუპა, ვიყავი 16 წლის... ის ასაკია რა, სმას რომ გავუსინჯე გემო. თავიდან ცხადია დედაჩემი მაგრა ნერვიულობდა, მაგრამ მალე, ჩემი შინ სამი-ოთხი სრულიად არააგრესიული მობანცალების მერე შედარებით დამშვიდდა - დაამუღამა, რითიც დამთავრდებოდა ყველაფერი: ტირილით... როგორ დაიღუპა ვიტალა-მეთქი და ვბღაოდი. და ამისგან გათანგულს მეძინებოდა.

მაშინ ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ 1982 წლის აი იმ 13 დეკემბერს დამთავრდა ჩემი საყვარელი დინამო და მაგის მერე უბრალოდ ინერციაღა იყო, რაც იყო.

დღეს ვიტალი დარასელია 65 წლის გახდებოდა.

ამ ცხოვრებაში:

გუშინ შემომხვდა 9 იანვრის იუბილართა სია და მეთქი ხვალ გავიხსენებ ამ ჩემი მოთქმების ამბავს, ოღონდ რა ფოტო მოუხდება-მეთქი, ვიფიქრე. კი მაქვს ბლომად კაცო, მაგრამ რამე ისეთი, იშვიათი - არა...

ცოტა ხანში მაიკო მეკითხება - ფეხბურთებია დღეს? კი ბატონო. წავალ მაშინ თეასთან. ოკ.

შინ მობრუნებული მიყვება რაღაცეებს - ძველ ფოტოებს ვათვალიერებდით და ბევრი ვიხალისეთო. ესაო, ისაო და უცებ - იცოდი, ვიტალი დარასელიასთან ერთად ჰქონია ფოტო გადაღებული, სადღაც 6 წლისო...

- ჰაა?!

თბილისის ვ.ი. ლენინის სახელობის სტადიონის 1979 წლის გაშლილი სლუჟებნი პროპუსკით და ატკრივაიწე!-ს ძახილით მივადექი დღეს თეას - აბა დროზე ფოტოები, სანამ მაუზერიც გამიძრია-მეთქი. აგერ ბატონოო. ვახ, ფიქრიაც-მეთქი კაცო? და ვურეკავთ ფიქრიას:

81-ში თასების თასი რომ აიღეს, კინოს სახლში იყო გუნდთან შეხვედრა და იქ ვიყავით მე და თეა. სცენაზე ავედი და ყველა ფეხბურთელს თითო ყვავილი მივართვი. მერე ფოტოებიც გადავიღეთ ზოგიერთებთან... და მერე აღარ მახსოვს ვინ და როგორ, მაგრამ ერთი თამაშის წინ მთხოვეს სტადიონზე მისვლა და იქ ვიტალი დარასელიამ იმ კინოს სახლში გადაღებული ფოტოები გვაჩუქა და ერთს წააწერა კიდეც - ამ თამაშს თქვენ გიძღვნითო. გოლიც შეაგდო მაშინ, მახსოვს - მითხრა ფიქრიამ.

რა გუგლი მე მინდოდა კაცო - 1981 წლის 18 ნოემბერს სსრკ - უელსი იყო თბილისში (სტატუსიც მაქვს მაგ თამაშზე, ჩავაგდებ კომენტარებში) და მე კი ვიყავი ბრიტანელთა მხარეს, მაგრამ ჩვენებურთა გოლები მაინც მიხაროდა. ხო, იმ დღეს ვიტალამ გაიტანა.

ასე ამბავი სასწაული დამთხვევისა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გოლის ავტორის ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფოტოებისა“, - წერს ზურაბ მეძველია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner