ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
ეს ფოტო სანდრო კოტორაშვილმა გადაიღო 1978 წელს თბილისში, სადაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ჩატარდა მძლეოსნობაში, მაგრამ თავისი განწყობილებით თითქოს ორი წლის შემდგომ მოვლენებსა და სიტუაციას ასახავდეს მოსკოვში, ოლიმპიადაზე. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან თბილისში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ასპარეზობა ეს-ეს არის დამთავრდა, სანეევმა პირველი ადგილი დაიკავა და ახლა სულის მოთქმას ცდილობს, მის უკან კი ავტოგრაფების მთხოვნელთა რიგი დგას.
ხოლო მოსკოვში...
„ვერავის ვუსაყვედურებ, თუმცა კი ოლიმპიადა, როგორც ახლა იტყვიან, უძრაობის ხანაში ტარდებოდა. უბრალოდ, არ გამიმართლა. წინასწარი ხტომების შემდეგ ნემსი გამიკეთეს მტკივან მუხლში. ერთჯერადი შპრიცი კი საბჭოთა წარმოებისა იყო... დღემდე ვინახავ სამახსოვროდ იმ ნემსს, რომელიც უფრო მახათს ჰგავს. თავდაპირველად ტკივილმა გამიარა, მაგრამ სამაგიეროდ ნანემსარი ამტკივდა. ამასთან, ყველა ცდის შესრულება პირქარში მომიხდა, თანაც რამდენჯერმე დავაბიჯე სასტარტო ზოლამდე საკმაოდ ადრე. მეტოქეებს კი ამინდმა ხელი შეუწყო. ყველაზე სერიოზული კონკურენტი – დიდებული ბრაზილიელი მხტომელი ოლივეირა ჩემს შედეგებს ადევნებდა თვალს, და ამასობაში ჩვენი ახალგაზრდა იააკ უუდმიაე გამოეპარა მხედველობიდან“...
მეოთხე ცდის შემდეგ სანეევი ხვდება, რომ კრეერის პროგნოზი 17.50-17.60-ის თაობაზე რამდენადმე გადაჭარბებული აღმოჩნდა. იმ დღეს ასეთი შედეგისთვის არცერთი მონაწილე არ იყო მზად. უუდმიაეს მესამე ნახტომი – 17.35 ჯერჯერობით საუკეთესოა. მესამე ცდაზევე მას კვალში ჩაუდგა ოლივეირა – 17.22. სანეევი მესამეა –17.04.
მეოთხე ცდას ლიდერთა პოზიციები არ შეუცვლია – სამივემ არეკნის ზოლს დააბიჯა ფეხი. სხვათაგან 17 მეტრს ვერავინ უწია. მხოლოდ ავსტრალიელმა იან კემპბელმა გააუმჯობესა თავისი შედეგი და 16 მეტრითა და 87 სანტიმეტრით მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.
„განუწყვეტლივ უბერავდა პირქარი, რაც გვართმევდა დიდ ძალას, ნერვებსა და სანტიმეტრებს. ვცდილობ, განვეწყო მეხუთე ნახტომისათვის ისე, თითქოს უკანასკნელი იყოს. ახლა შეიძლება გადაწყდეს ასპარეზობის ბედი. ამას მიკარნახებს მთელი ჩემი გამოცდილება.
სტარტზე დიდხანს ვდგავარ, ქარი კი გადარეულივით ქრის. არეკნის ზოლამდე რამდენიმე ნაბიჯიღა მქონდა დარჩენილი, რომ ქარში ისე ჩავეფლე, როგორც ბალიშში. (მერე ოქმში ამოვიკითხე, რომ სწორედ იმ მომენტში შემხვედრი ქარის სიჩქარემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია – 2.46 მეტრი წამში.) ჩემი შედეგი მხოლოდ 17.07 იყო. გაღებული ძალისხმევითაც და ტექნიკური შესრულებითაც ეს ჩემი საუკეთესო ნახტომი იყო ოლიმპიადაზე. ქარი რომ არა“...
შედეგის გაუმჯობესება ვერავინ შეძლო. ოლივეირამ და კემპბელმა ორივე ფინალურ ცდაზე არეკნის ზოლს დააბიჯეს. უუდმიაე ორჯერვე 17 მეტრს გასცდა, მაგრამ არც მას მიუმატებია რაიმე თავისი საუკეთესო შედეგისათვის. ყველამ დაამთავრა შეჯიბრება და მეხიკოს მსგავსად მხოლოდ სანეევს დარჩა ერთადერთი, საბოლოო შანსი.
„ბოლო ნახტომის სტარტზე ვიდექი და მთელ ძალებს ვიკრებდი. მოვუმატებ, აუცილებლად მოვუმატებ, თუნდაც სულ დამემტვრეს ფეხები, მაგრამ მოვუმატებ! ყველა წარმატებას მისურვებდა. „მიდი, ვიქტორ, მიდი!“ – მესმოდა ტრიბუნიდან – „გაიხსენე მეხიკო!“ ვერაფრით ვერ მოვიკრიბე გულისყური. თანაც ეს წყეული ქარი... გადავწყვიტე, ბოლომდე მომეცადა. რჩება წუთი... 20 წამი... 10... 5... დროა! ადგილიდან მოვწყდი და ქარს ვეძგერე.
ამ ნახტომში ჩავაქსოვე, რაც რამ მქონდა დარჩენილი. ჩავერჭე ქვიშაში და ვგრძნობ, რომ ვეღარ ვდგები. არ შემიძლია და მორჩა. „ადე, ვიქტორ, – ვუბრძანებ ჩემს თავს, – ადექი! ფორთხვას ხომ არ დაიწყებ?!“ როგორც იქნა, ავდექი და ორივე ფეხის კოჭლობით ძლივს მივაღწიე ძელსკამამდე. შემდეგ რა მოხდა, აღარ მახსოვს. მილოცავდა უუდმიაე, რაღაცას მეუბნებოდა ოლივეირა. მე კი მხოლოდ საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მუხლებში. ტაბლოზე ჩემი უკანასკნელი შედეგი ენთო – 17.24 – ვერცხლის მედალი...
იმ ჩემს ბოლო ნახტომებს და მეოთხე ოლიმპიადის ვერცხლის მედალს რომ ვიხსენებ, მინდა-არმინდა მაინც ვუსვამ ჩემს თავს კითხვას: რა იქნებოდა, ბოლო ცდაზე შემხვედრი ქარი რომ არ ყოფილიყო?..“
რა იქნებოდა და...
„ბოლო ცდაზე ქარი რომ არა, სანეევის გაიმარჯვებდა. მან 17.24 აჩვენა საშინელი პირქარის პირობებში. უქარობის შემთხვევაში მისი შედეგი 17.40-17.50 იქნებოდა. და ეს მისი დამსახურებული გამარჯვება იქნებოდა“, – ეს უუდმიაეს სიტყვებია.
სანეევის ნახტომის დროს ქარი გაძლიერდა, უუდმიაემ კი თავისი უშორესი ნახტომი შტილში შეასრულა, ისევე, როგორც ბოლო ნახტომი – 17.28, რომელიც სანეევის ბოლოს ნახტომს ჯობდა. მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ქარმა ვიქტორს ბოლო ცდაზე 20 სანტიმეტრამდე მანძილი წაართვა. ამას დაუმატეთ ისიც, რომ სიფრთხილის გამო იგი მთელი 20 სანტიმეტრით შორს დახტა ასარეკნი ხაზიდან...
„მერე მე, უუდმიაე და ოლივეირა საპატიო კვარცხლბეკზე ვიდექით. მაყურებლები გვესალმებოდნენ. ფლაგშტოკზე აღიმართა ორი საბჭოთა და ერთი ბრაზილიური დროშა. ჟღერდა ჩვენი ჰიმნი. თან მიხაროდა და თან სევდა მომეძალა. უკან რჩებოდა სპორტთან მეგობრობის მეოთხედი საუკუნე და ოთხი ოლიმპიადა“...
ჟოაო კარლოს დე ოლივეირა: „ვამაყობ, რომ მეორედ ვდგავარ საპატიო კვარცხლბეკზე იმ სპორტსმენის გვერდით, რომელმაც ჩემი დისციპლინის ისტორიაში ამდენი სასახელო ფურცელი ჩაწერა“.
ასე იყო თუ ისე, სანეევის ვერცხლის მედალი გულშემატკივრებმაც და პრესამაც მის დიდ გამარჯვებად შეაფასეს.
ოლიმპიური თამაშების საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ლოს-ანჯელესში გამოიცა ბად გრინსპანის წიგნი „ოლიმპიური ისტორიის 100 უდიდესი მომენტი“. წიგნს წამძღვარებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელი პრეზიდენტის ხუან ანტონიო სამარანჩის წინასიტყვაობა, რაც ამ წიგნს ერთგვარი ოფიციალური გამოცემის სტატუსსაც სძენს. მსოფლიოს უდიდეს ოლიმპიელთა და ოლიმპიურ მოვლენათა გრინსპანისეულ ასეულში ოლიმპიური ისტორიის სხვა სულისშემძვრელ ეპიზოდთა შორის შეტანილია სანეევის ოთხი ოლიმპიური ბატალიაც.
„ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების შეფასებები ყოველთვის როდი ემთხვევა სპორტული ჩინოვნიკების აზრს. როცა შინ დავბრუნდი და ჩემი წასვლის ამბავი გამოვაცხადე, სსრ კავშირის სპორტკომიტეტიდან გამოგზავნილი დეპეშა დამეწია. მასში მატყობინებდნენ, რომ გამომიყვანეს სსრ კავშირის ნაკრების შემადგენლობიდან და მომიხსნეს 350 მანეთის ოდენობის სტიპენდია „სპორტული შედეგების გაუარესებისათვის“.
– ამ სტიპენდიის ჩამორთმევას სერიოზული გავლენა არ უნდა მოეხდინა თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე, უნდა ვიფიქროთ, რომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი შეძლებული კაცი იქნებოდა, – ეკითხებიან სანეევს „საქინფორმის“ კორესპონდენტები ვლადიმირ გოლოვინი და შალვა შალოლაშვილი ინტერვიუში, რომელიც 1989 წლის 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა „ლელოში“.
პასუხად ვიქტორი სევდიანად იღიმება:
– გააჩნია, ვისთან შედარებით. ნებისმიერი ჩემი დასავლელი კოლეგა ჩემზე გაცილები მდიდარია, რომ არაფერი ვთქვათ ახლანდელი წამყვანი საბჭოთა მძლეოსნების ანაზღაურებაზე. არასოდეს მიმიღია განსაკუთრებული შეღავათები „ზევიდან“. ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ახლა მაქვს, პატიოსანი შრომით მოვიპოვე. ახლანდელ სამოთახიან ბინას თანდათანობით „ვაგროვებდი“, მორიგ ოლიმპიადაზე ყოველი გამარჯვების შემდეგ“.
* * *
თუმცა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შემდეგ „შედეგების გაუარესებისათვის“ სტიპენდია მოუხსნეს, სანეევის ოლიმპიურმა რეკორდმა მოსკოვის ოლიმპიადასაც გაუძლო. იგი დიდი სპორტიდან ოლიმპიურ რეკორდსმენად წავიდა. ხოლო მისი ოლიმპიური რეკორდი კიდევ ერთ ოლიმპიადას გაუძლებს.
გულდასაწყვეტად გამოტოვებული მსოფლიო თასის გარდა, სანეევმა თავის დისციპლინაში მოიგო (და არაერთხელ!) ყველაფერი, რისი მოგებაც მის დროს შეიძლებოდა:
აი, რას წერს ქართული „სპორტის ენციკლოპედია“:
„სანეევი ვიქტორ. დაიბადა 03.10.1945, სოხუმი. მძლეოსნობა, სამხტომი. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1968, მეხიკო – 17,39 მ; 1972, მიუნხენი – 17,35 მ; 1976, მონრეალი – 17,29 მ) და მეორე პრიზიორი (1980, მოსკოვი – 17,24 მ), ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული (1969-72, 74-77) და ორგზის მეორე პრიზიორი (1971, 78), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1968-70, 73-74, 78) და მეორე პრიზიორი (1967), სსრკ ხალხთა V (1971) და VI (1975) სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი (1970, 73-75), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1971), სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი (19678 – 17,23 და 17,39 მ; 1972 – 17,44 მ). საუკეთესო პირადი შედეგი – 17,44 მ. საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1968, 72, 76). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სოკის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი. 1992 წლიდან ცხოვრობს ავსტრალიაში და არის ამ ქვეყნის მოქალაქე. სიდნეის ოლიმპიადაზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე“.
თანამედროვე საზომით, სანეევის ტიტულებს მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონობა აკლია, მაგრამ მძლეოსანთა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ 1983 წელს გაიმართა, როცა სანეევი უკვე ჩამოშორებული იყო აქტიურ სპორტს.
სხვათა შორის, მძლეოსანთა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ჰელსინკიში გაიმართა, პირველი ოფიციალური საერთაშორისო ასპარეზობა იყო 1966 წლიდან, რომელშიც საბჭოთა სამხტომელები პრიზიორთა შორის ვერ მოხვდნენ. ოღონდაც! დიდი სპორტიდან წასვლაც ასეთი უნდა, რომ მთელ ქვეყანას დაეტყოს! სანეევის წასვლის შემდეგ საბჭოთა კავშირსა და რუსეთს არათუ მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ორადორი პრიზიორის მეტი აღარავინ ჰყოლია სამხტომში!
მას კი ერთი გაცილებაც არ მოუწყვეს.
რა გაცილება! სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, საპატიო სტუმრად ვინ ჩივის, ტურისტადაც არავინ მიიპატიჟა მძლეოსანთა პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე. და ისიც ტალინში წავიდა, რომ პირდაპირი რეპორტაჟები ენახა ჰელსინკიდან.
„ტალინში მივხვდი, რომ მხოლოდ მე არ აღმოვჩნდი ასეთი „ეშმაკი“: რამდენიმე ათეული ნაცნობი მწვრთნელი, ჟურნალისტი და მძლეოსნობის სპეციალისტი დამხვდა ოლიმპიურ ცენტრში, პირიტიში, სადაც არის სასტუმრო სპორტსმენებისათვის. რა თქმა უნდა, ასეთ საზოგადოებაში ძალიან საინტერესო იყო ჩემპიონატის ყურება ტელევიზიით.
ყველასთან ერთად მეც მიხაროდა სიმაღლეზე და ჭოკით მხტომელების, ჩვენი ახალგაზრდა ჩემპიონების გენადი ავდეენკოსა და სერგეი ბუბკას დიდი წარმატება, მაოცებდა შავკანიანი მხტომელისა და სპრინტერის კარლ ლუისის მრავალმხრივი ნიჭი, აღფრთოვანებული ვიყავი ჩვენი ბიჭების ვაჟკაცობით, რომლებმაც ამერიკელებთან დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვეს ესტაფეტაში 4X100 მეტრზე. მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით სამხტომელთა შეჯიბრებას ვადევნებდი თვალს... საპრიზო ადგილები გაინაწილეს პოლონელმა ზდისლავ ჰოფმანმა, ამერიკელმა ვილი ბენქსმა და ნიგერიის წარმომადგენელმა აჯაიი აგბებაკუმ. 1966 წლიდან მოყოლებული, საბჭოთა კავშირის სამხტომელები პირველად ვერ მოხვდნენ დიდი საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორთა შორის.
გავიდა ორი თვე და საბჭოთა გუნდის ახალმა ხელმძღვანელობამ შემომთავაზა გამომეყენებინა ჩემი გამოცდილება ქვეყნის ოლიმპიური გუნდის კანდიდატების მომზადებაში.
და აი, მე ისევ სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე ვარ, მაგრამ ამჯერად არა როგორც სპორტსმენი, არამედ კონსულტანტი. სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი როლი ცხოვრების იმ ეტაპზე. მწვრთნელს ხომ ვერ მიწოდებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ფიზკულტურის ინსტიტუტი კი დავამთავრე და რამდენიმე ქართველი მხტომელის წვრთნასაც ვხელმძღვანელობდი, მაგრამ ნამდვილი მწვრთნელის გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ მქონდა.
ამიტომ, პირველ ხანებში, მეტწილად წვრთნას ვაკვირდებოდი, ვიხსომებდი გამოცდილი მწვრთნელების შენიშვნებს, ვაანალიზებდი ბიჭების დღიურებს, ვათვალიერებდი მათ კინოგრამებს. ერთი სიტყვით, ახალ როლს ვეჩვეოდი. ჩემი ძლიერი მხარე მუდამ ის იყო, რომ „ყურს ვუგდებდი“ საკუთარ თავს და ჩემებურ მოძრაობებს ვქმნიდი. ახლა კი სხვისას უნდა შევჩვეოდი, სხვებისა უნდა შემეგრძნო. ეს კი ძალიან ძნელია. ახალ სამუშაოზე გულს ის მიქარვებს, რომ ბიჭები ხშირად მთხოვენ რჩევას, აინტერესებთ ჩემი აზრი წვრთნის ტექნიკასა და მეთოდიკაზე, სარგებლობენ ჩემი ვარჯიშების არსენალით. მაგრამ ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, მაინც არა ვარ დარწმუნებული, გავხდები თუ არა ნამდვილი მწვრთნელი. ვიცი, რომ არ ვიყავი ცუდი სპორტსმენი. მაგრამ ისიც ვიცი, მარტო ეს არ კმარა, რომ მწვრთნელი გახდე. მეყოფა კი ძალა, ცოდნა და მოთმინება ახალი ცხოვრების დაწყებისთვის? ამას მომავლი გვიჩვენებს“.
ძალა, ცოდნა და მოთმინება ვიქტორ სანეევს მუდამ სხვაზე მეტი ჰქონდა, მაგრამ მომავალმა სხვაგვარად განსაჯა. მოვლენები მომდევნო ათწლეულში ისე განვითარდა, რომ არც სანეევის ძალაზე იყო რამე დამოკიდებული, არც მის ცოდნასა თუ მოთმინებაზე.
თუმცა თავიდან ყველაფერი სხვაგვარად, უფრო საიმედოდ, უფრო ვარდისფრად ჩანდა:
„მინდა გავიხსენო ერთი საზღვარგარეთული მოგზაურობა, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, არანაკლები, ვიდრე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლამ.
1982 წლის გაზაფხულზე მოულოდნელად მოვხვდი იმ დელეგაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა მშვიდობის საერთაშორისო საბჭოს წევრი, პოეტი ევგენი დოლმატოვსკი. ევროპის ქვეყნების და ამერიკის მშვიდობის მომხრეებთან ერთად ჩვენ ვმონაწილეობდით საზეიმო ცერემონიაში საბერძნეთში, რომელმაც მსოფლიოს ოლიმპიური თამაშები მისცა: ოლიმპიაში მშვიდობისათვის მებრძოლი ბერძნების ინიციატივით ოლიმპიური ცეცხლი აინთო, რომელიც შემდეგ ესტაფეტით წაიღეს ოკეანის გაღმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განიარაღებისადმი მიძღვნილ მეორე სპეციალურ სესიაზე.
სანამ მოქმედი სპორტსმენი ვიყავი, მთავარი ჩემთვის შეჯიბრებაში მონაწილეობა იყო. ბევრი შეხვედრის, საზეიმო მანიფესტაციის დეტალებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან დაძაბული ვემზადებოდი სტარტებისათვის. აქ კი მთელი გულისყური მიპყრობილი მქონდა იმ შეხვედრების, საუბრებისა და ღონისძიებებისაკენ, რომლებში მონაწილეობისთვისაც ჩავედით საბერძნეთში. ალბათ ამიტომაც მახსოვს ასე კარგად ის შთაბეჭდილება, ამ მოგზაურობამ რომ მოახდინა ჩემზე.
ოლიმპიური ცეცხლის ანთების ცერემონიას რამდენიმე ათასი კაცი ესწრებოდა. ხალხი ტაშითა და მისასალმებელი შეძახილებით შეხვდა ზეთისხილისრტოებიან გოგონებს, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ რიტუალს – ოლიმპიური ცეცხლის დანთებას მზის სხივებისაგან და ათენისკენ დაძრული ესტაფეტის პირველ ეტაპებსაც. ღამით, როცა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებს ჩირაღდანი სტადიონზე მიჰქონდათ, ამ ამაღელვებელ ესტაფეტაში მეც ვმონაწილეობდი“...
მაგრამ ვერც სანეევის ესტაფეტაში მონაწილეობამ, ვერც პოეტ დოლმატოვსკის მისიამ, ვერც ათასობით მშვიდობისმაძიებლის ძალისხმევამ და ვერც სხვა რამ ღონისძიებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ჯერ იყო და, სისტემამ სამაგიერო გადაუხადა ამერიკას და ბოიკოტი გამოუცხადა ლოს-ანჯელესის ოლიმპიადას. ის, რომ ამ აქტით ასეულობით სპორტსმენის ცხოვრება შეცვალა და დაამახინჯა, სისტემას არაფრად უღირდა. და არა მარტო სპორტსმენის. ასეულობით მწვრთნელის შრომაც წყალში ჩაიყარა. ვიქტორ სანეევი თბილისში ჩამოვიდა და „დინამოს“ რესპუბლიკურ საბჭოში დაიწყო მუშაობა სპორტული გუნდის უფროსად.
მერე ამას პოლიტიკური კატაკლიზმები მოჰყვა, სპორტისთვის ქვეყანას აგრერიგად აღარ სცხელოდა, მით უმეტეს – ვეტერანი სპორტსმენებისათვის, თუმცა, სისტემას კიდევ ერთხელ გაახსენდა სანეევი, მაგრამ ვაი ამ გახსენებას!
მისთვის სეულის ოლიმპიადაზე მიმავალ მრავალრიცხოვან საბჭოთა დელეგაციაში ადგილი არ გამოიძებნა. თანაც, თითქოს სასაცილოდ აიგდესო. ვლადივოსტოკში მიიწვიეს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის მისაღებად, ბოლოს კი, როცა საბჭოთა დელეგაციით დახუნძლულმა თბომავალმა კურსი სეულისაკენ აიღო, მას ხელი დაუქნიეს და გზა დაულოცეს... მოსკოვისაკენ. მოსკოვში იგი სრულიად შემთხვევით შეხვდა სპორტკომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს, რომელმაც გაიკვირვა, შენ სეულში რატომ არა ხარო (თავად მეორე დღეს აპირებდა გაფრენას). არავის მივუწვევივარო, სანეევს უპასუხია. თხოვნა უნდა შეგეძლოს, ჩუმად არ უნდა იყოო, – ჭკუა დაურიგებია სისტემის ჭანჭიკს.
სანეევს თხოვნა არც მაშინ შეეძლო, არც მანამდე და არც შემდეგ.
აი, რა შემთხვევას იხსენებს ცნობილი ჟურნალისტი ავთანდილ გურასაშვილი სანეევისადმი მიძღვნილ თავისი წერილში „ბედი“:
„მაშინ, 80-იან წლებში, მანამ ქვეყანა აირეოდა, კინოთეატრ „რუსთაველში“ რომელიღაც ფილმზე ტრადიციულად გრძელი რიგი იდგა. ასევე ტრადიციულად ურიგოთა რიგი ცალკე დამდგარიყო და ერთმანეთის ჯგლეთაში იყვნენ. ამიტომ რიგიანთა რიგი კუს ნაბიჯით, ძლივს შესამჩნევად მიიწევდა წინ. იმ რიგიანთა რიგში უკვე ყველა ტიტულებმოპოვებული ვიქტორ სანეევიც მოთმინებით იდგა ცოლთან ერთად.
მას, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, შეეძლო მისულიყო კინოთეატრის დირექტორთან, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონთან ნუგზარ ასათიანთან...
მაგრამ არა, ვიქტორ სანეევი ცოლთან ერთად პატიოსნად და მოთმინებით რიგიანთა რიგში იდგა. სალაროსთან კი ურიგოთა ჯგლეთას ბოლო არ უჩანდა. მინდოდა მეყვირა, რას სჩადით, ხალხო, შეხედეთ, რიგში ვინა დგას, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბუმბერაზი ადამიანი, რომლის მგავსებს ანტიკურ ხანაში უძეგლოდ არ ტოვებდნენ-მეთქი!
მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ურიგო და უწესო ბიჭ-ბუჭებსა თუ კაცუნებს აბა ვინ რას შეაგნებინებდა?
და დარჩა ვიქტორ სანეევი უბილეთოდ, წყნარად გამოვიდა რიგიდან და გაწბილებული რუსთაველს შეუყვა, ალბათ შინისკენ“.
(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)