ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.
„სტიქიური პროტესტის საფარქვეშ მასობრივი არეულობების ტალღა მივიღეთ. გამოჩნდნენ რელიგიური რადიკალები, კრიმინალური ელემენტები, საშინელი ბანდიტები, მაროდიორები და ხულიგნები. სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები კი დაავიწყდათ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ხელისუფლებამ მოისმინა და შეასრულა მომიტინგეების სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები.
„ამის შემდეგ, შეიარაღებული პირების ჯგუფმა მოქმედება დაიწყო. აშკარა გახდა მათი მთავარი მიზანი: საკონსტიტუციო წყობის შერყევა, ინსტიტუტების განადგურება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. საუბარია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არეულობები დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.