ბრალდებული ექს-პრეზიდენტის საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ოთხივე დაკავებულმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა, ვინ და როგორ დაეხმარა მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში და დანაშაული აღიარა. შემდეგი სასამართლო სხდომა სავარაუდოდ, მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება და ბრალდებულები დაიკითხებიან.
პროკურორის თქმით, დანაშაულის აღიარების მიუხედავად სახელმწიფო ბრალდება ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს.
„ბრალდების მხარემ დაასაბუთა ოთხივე ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რაც დაკავშირებულია დანაშაულის დაფარვასა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში გაწეულ დახმარებასთან. მოვისმინეთ დაცვის მხარისა და ბრალდებულების პოზიცია, რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს და მათ ერთადერთი თხოვნა აქვთ სასჯელთან მიმართებაში. მათ მისცეს აღიარებითი ჩვენება, თუმცა, ეს არ არის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის უპირობო საფუძველი. არავინ არავის არაფერს დაჰპირებია, ეს მათი პოზიციაა. ზოგადად, აღიარებითი ჩვენება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გამოიხატება სასჯელთან მიმართებაში“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.