logo_geo
eng_logo
პაატა ნაცვლიშვილი - უკვდავი ოლიმპიონიკის გარდაცვალების გამო - ფრაგმენტი მეცხრე
- +

11 იანვარი. 2022. 11:18

 

1990 წლის დამდეგს მოსკოვში სხვადასხვა პერიოდის საბჭოთა ოლიმპიელთა შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ვიქტორ სანეევი ზარ-ზეიმით გამოაცხადეს „ყველა დროის ნომერ პირველ საბჭოთა ოლიმპიელად“, საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ნიკოლაი რუსაკმა კი საჯაროდ განაცხადა, ბარსელონის ოლიმპიადისთვის სანეევს საბჭოთა დელეგაციაში საპატიო სტუმრის ადგილი დაჯავშნილი აქვსო.

 

მაგრამ ბარსელონის თამაშები ისე ჩატარდა, რომ ძნელი გასაგები იყო, სად მთავრდებოდა საბჭოთა კავშირი და სად იწყებოდა საქართველო. სანეევი, რა თქმა უნდა, არავის გახსენებია. ალბათ იმის გამოც, რომ მას უკვე უცხოეთისაკენ ჰქონდა აღებული გეზი.

 

ვიქტორ სანეევს იმდენი ეძახეს ჟურნალისტებმა სოხუმელი კენგურუ, თბილისელი კენგურუო, რომ ბოლოს მან თავის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა და მართლა კენგურუების სამშობლოში ამოყო თავი მეუღლესთან და ვაჟიშვილთან ერთად, ერთადერთი ჩემოდნით ხელში.

 

„აი, ასე ვარ ჩემს სამშობლოში. ჰო, ჩემს სამშობლოში – ავსტრალიაში. ჩემი ხანგრძლივი სპორტული კარიერის მანძილზე თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ ან „კენგურუს აფხაზეთიდან“ ან „კენგურუს საქართველოდან“. კენგურუს სამშობლოც ხომ ავსტრალიაა. ჰოდა, აი, მეც ჩემს სამშობლოში ვარ“.

 

თუმცა, თავიდან იგი ახალ ზელანდიაში აპირებდა წასვლას.

 

სისტემამ „სოვინტერსპორტის“ სახით ბავშვთა მწვრთნელობა შესთავაზა ველინგტონის ერთ-ერთ სკოლაში. მისი თვიური ხელფასი დაქვითვებისა და საბჭოთა ხაზინაში დადგენილი პროცენტის გადარიცხვის შემდეგ 845 დოლარს შეადგენდა. სანეევი დათანხმდა, რადგან 1991 წლის დასაწყისში ეს მართლაც სერიოზული ფული იყო... თბილისში. ახალ ზელანდიაში კი საშუალოდ სწორედ ამ თანხას უხდიან არცთუ მაღალი კვალიფიკაციის მუშას, ხოლო თვიური დახმარება უმუშევართათვის 800 დოლარს შეადგენს. თანაც სისტემამ პოდპოლკოვნიკ სანეევს, რომელსაც მაშინ სპორტსაზოგადოება „დინამოს“ სპორტული გუნდის უფროსის თანამდებობა ეკავა, კონტრაქტის გაფორმებამდე, როგორც უცხოეთში სამუშაოდ წასვლის მთავარი პირობა, თადარიგში გასვლა მოსთხოვა, რაც ფაქტობრივად მის უმუშევრად დატოვებას გულისხმობდა. ასეც მოხდა. ახალზელანდიელებმა რაღაც მიზეზით „სოვინტერსპორტს“ კონტრაქტზე უარი უთხრეს და სანეევი 210-მანეთიანი პენსიის ამარა დარჩა. სპორტული გუნდის უფროსის თანამდებობაზე კი იგი 540 მანეთს იღებდა (თუმცა მისი თადარიგში გასვლის შემდეგ ხელფასი 800 მანეთამდე გაუზრდიათ). კიდევ კარგი, დაახლოებით იმავე პერიოდში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ჩემპიონებს 300-მანეთიანი პენსიები დაენიშნათ, ხოლო მათთვის, ვინ ოლიმპიური ოქრო ორჯერ და მეტჯერ მოიპოვეს (ე. ი. სანეევისა და თედიაშვილისათვის) ამ თანხას კიდევ 100 მანეთი დაემატა.

 

აქ გამოჩნდნენ ავსტრალიელები, რომლებსაც ამ ამბის მხოლოდ პირველი ნაწილისთვის მოუკრავთ ყური, სახელოვანი ჩემპიონი „ყურის ძირას“ ეგულებოდათ და რამდენიმე კვირით მისი გადაპატიჟება მოუნდომებიათ სალექციოდ. იმის მიუხედავად, რომ სანეევი დედამიწის მეორე მხარეს, თბილისში აღმოჩნდა, ავსტრალიელებს ჩანაფიქრზე ხელი არ აუღიათ და 1991 წლის აპრილში ვიქტორ სანეევმა ლექციებით მოიარა სიდნეი, მელბურნი, კანბერა, ადელაიდა და პერტი, არაერთი საინტერესო შეხვედრა მოუწყვეს, არაერთი თეორიული თუ პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარა იქაურ მხტომელებსა და მათ მწვრთნელებს. იმ ორიოდე კვირაში სანეევმა თავისი რეალური ფასი გაიგო, მიხვდა იმასაც, რომ საქმე „სოვინტერსპორტთან“ აღარასოდეს უნდა დაეჭირა, ხოლო ავსტრალიელებმა, მათი მხრივ, სამხტომის – მძლეოსნობის ამ ურთულესი სახეობის მრავალი ნიუანსი შეიტყვეს, თუმცა, კი უკვირდათ, რატომ ეკითხებოდა ყველას, დიდსა თუ პატარას, სამი ოლიმპიადის ჩემპიონი, მწვრთნელის სამუშაო ხომ არ მოიძებნება ჩემთვისო.

 

„ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ჩემნაირი ადამიანები ყოველმხრივ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომ ვერ გაეგოთ, რატომ ვეკითხებოდი, თქვენთან სამუშაოს შოვნა თუ შეიძლება-მეთქი“.

 

საატლანტედ კი დიახაც უნდა გაგვხსენებოდა ვიქტორ სანეევი. არ გაგვახსენდა.

 

„აქ სანეევმა ოდნავ იყუჩა. სავარძელს ბოლომდე მიეყრდნო და დაბალი ხმით დაუმატა, არც ატლანტაში გახლდით. ისე კი, მაინტერესებდა ჩვენების დებიუტიო“, – წერს ემზარ ზენაიშვილი 1998 წლის 24 ოქტომბერს გაზეთ „სარბიელში“ დაბეჭდილ თავის ინტერვიუში სანეევთან და იქვე დაძენს:

 

„მესმის თქვენი გულისტკივილი. ატლანტაში თქვენი არყოფნა ჩვენი ეოკ-ის წინდაუხედაობაა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი ოლიმპიური თამაშებია“.

 

იმას, რასაც ბატონი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის უცვლელი გენერალური მდივანი 1990 წლიდან, წინდახედულად „წინდაუხედაობას“ უწოდებს, მრავალი სხვა, უფრო ზუსტი სახელი შეიძლება დაერქვას...

 

სიდნეის თამაშებზე კი ვიქტორ სანეევი არ იყო უბრალო ავსტრალიელი, უბრალო ქართველი, ან უბრალო სტუმარი. იგი საქართველოს ოლიმპიური ატაშე გახლდათ და ამ ამბავმა იგი კვლავ აღანთო ოლიმპიური სულისკვეთებით, დიდმა ოლიმპიონიკმა კვლავ შეიძინა ოლიმპიური ფუნქცია.

 

სიდნეის ოლიმპიურ სოფელში ვიქტორ სანეევთან გამართული შეხვედრა ქართული დელეგაციის ყველა წევრისთვის ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიდნეური შთაბეჭდილება იყო. იმ დღეს, 2000 წლის 19 სექტემბერს,  ყურადღებას გადაჩვეულმა სანეევმა მრავალი თბილი სიტყვა მოისმინა. დილიდანვე ოლიმპიური სოფლის საქართველოს უბანში თავი მოიყარა მთელმა ჩვენმა დელეგაციამ – სოფლელმაც და ქალაქელმაც. ქალაქელებში ვგულისხმობ ოფიციალურ პირებს, სტუმრებსა თუ ჟურნალისტებს, რომლებიც ოლიმპიურ სოფელში არ ვცხოვრობდით. აქ იყვნენ ქართული სპორტის ვარსკვლავები – ნონა გაფრინდაშვილი და ნინო სალუქვაძე, დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი, რუსუდან სიხარულიძე და თამაზ იმნაიშვილი... აქ იყვნენ ჩვენი ახალგაზრდა ოლიმპიელები, რომელთაც ვიქტორ სანეევი მხოლოდ გაუგონიათ, წიგნებში წაუკითხავთ ან ძველ კინოქრონიკაში უნახავთ; შემოგვიერთდნენ უცხოეთში მცხოვრები ქართველებიც – კუვეიტის მოფარიკავეთა ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ აფციაური და თურქეთის მოკრივეთა ოლიმპიური გუნდის წევრი აკაკი კაკაურიძე.

 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა (დიახ, პირველმა პირველმა!) ვიცე-პრეზიდენტმა ვერ შეძლო ჩამოსულიყო საქართველოში ჩვენი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ზეიმზე, ვერ დაესწრო იგი საქართველოს საუკუნის სპორტსმენთა  დაჯილდოების ცერემონიასაც და იმდღევანდელი შეხვედრაც სიდნეის ოლიმპიურ სოფელში  ამ ხარვეზების გამოსწორების მცდელობა იყო. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ლეგენდარულ მძლეოსანს კიდევ ერთხელ მიულოცა ჟურნალისტთა რეფერენდუმის შედეგად საქართველოს საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარება და საგანგებო პრიზი და დიპლომი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით ვიქტორ სანეევს ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის და ღირსების ორდენები უბოძა საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ კახი ასათიანმა; სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელს სეოკ-ის საიუბილეო მედალი გადასცა. შემდეგ ვიქტორ სანეევს მიესალმნენ სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტი ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი სიდნეიში თამაზ იმნაიშვილი, თბილისის მერიის სპორტის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ კანკავა; მეც წარმოვთქვი ორიოდე სიტყვა და ვიქტორს მისადმი და სხვა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილი საქართველოს საფოსტო მარკების სრული კომპლექტი მივართვი. საამაყოა და დიდადაც მეამაყება, რომ ამ მარკების დიზაინის ავტორი მე გახლავართ გია ბუღაძესთან ერთად.

 

20 წლით გავახალგაზრდავდიო, თქვა იმ შეხვედრის შემდეგ ვიქტორ სანეევმა.

 

ნეტა მართლა 20 წლის ახალგაზრდა ყოფილიყო ვიქტორ სანეევი და სიდნეის ოლიმპიური სტადიონის სამხტომის სექტორში გამოჩენილიყო საქართველოს ეროვნული გუნდის ფორმით!..

 

* * *

ვიქტორ სანეევი კიდევ ერთხელ გაახალგაზრდავდა, როცა იგი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს ოლიმპიური ფონდისა დახმარებით საქართველოში მოვიწვიეთ და 60 წლის იუბილე გადავუხადეთ.

 

სხვა რომც არაფერი გაკეთებინათ ბადრი პატარკაციშვილსა და მის მიერ დაარსებულ ოლიმპიურ ფონდს, ეს იუბილეც იკმარებდა მისი სახელის საქართველოს ოლიმპიურ ისტორიაში ოქროს ასოებით შესატანად. არადა, ყველამ იცის, რა და რამდენი აქვს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მესამე პრეზიდენტს გაკეთებული ქართული ოლიმპიური მოძრაობისათვის. სანეევის იუბილეც ერთ-ერთი იყო იმ ურიცხვ კეთილ საქმეთა რიგში, რომლებიც ასე სჭირდება ქართულ სპორტს და არა მარტო სპორტს.

 

ჟურნალ „ოლიმპიელში“ დავბეჭდე ბადრი პატარკაციშვილის სიტყვები:

 

„დიდ სარბიელზე მოპოვებული გამარჯვებების წყალობით, სპორტსმენი არღვევს დროისა და სივრცის ფარგლებს და საკაცობრიო ისტორიის კუთვნილება ხდება. სწორედ ასეთი სპორტსმენია ვიქტორ სანეევი. რაოდენ სასიხარულოა და საამაყო, რომ ეს დიდი ათლეტი შენი მიწის შვილია, შენს ქვეყანაში დაბადებული და აღზრდილი – კაცი, რომელმაც საქართველოს სახელი შორს გაიტანა და დიდებით შემოსა. ვიქტორ სანეევის პიროვნება, თავისი ღირსებით, კეთილშობილებით, კაცობითა და უბრალოებით ისევე გამორჩეულია, როგორც მისი სპორტული მიღწევები. ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა აღიზარდოს ახალი თაობა და ასეთი ადამიანების არსებობა, თავისთავად, ჩვენი ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის, მისი მომავლის საწინდარს წარმოადგენს. იმ სიხარულს, რომლითაც 60 წლის იუბილე მსურს მივულოცო თან სინანულიც ერთვის, რომ ამხელა სპორტსმენი და პიროვნება, ჩვენი დროის ბედუკუღმართობის გამო, შორეულ ქვეყანაში გადასახლდა. მოდით, ვუსურვოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიქტორ სანეევი დაგვიბრუნდეს, რათა თავისი ნიჭი და ენერგია თავისსავე ქვეყანას მოახმაროს“.

 

– სამშობლოში კარგად ვარ. მუხლის ტკივილმა მიკლო, ლამისაა ხელჯოხიც გადავაგდო, – თქვა სანეევმა საქართველოში მისი სტუმრობის ბოლო დღეს. ხელჯოხის გადაგდება მას მართლა მოუწევს – იმ მრავალრიცხოვან საჩუქრებს შორის, რომლებიც იუბილარმა მიიღო, იყო საქართველოს ოლიმპიური ფონდის მიერ მისთვის საოპერაციოდ გამოყოფილი 35 ათასი ამერიკული დოლარიც...

 

იუბილის დღეებში სანეევმა მრავალი მილოცვა მიიღო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

აი, რამდენიმე მათგანი:

 

„2005 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში საქართველოში აღინიშნება ერთ-ერთი უდიდესი ოლიმპიური ჩემპიონის, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის 60 წლის იუბილე. „სოხუმელი კენგურუს“ სახელით ცნობილმა სამხტომელმა ვიქტორ სანეევმა მძლეოსნობის და მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით, რაც ნებისმიერი სპორტსმენისთვის განსაკუთრებული მიღწევაა. სპორტული კარიერის განმავლობაში მან დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი, ორჯერ იყო ევროპის და რვაჯერ ქვეყნის ჩემპიონი. ვიქტორ სანეევი თავისი სპორტული შედეგებით საქართველოში მრავალი ახალგაზრდისთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს დიდ მაგალითს, რომლის კვალსაც მიჰყვებიან სპორტსა თუ ცხოვრებაში.

ჟაკ როგე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი“.

 

„ძვირფასო ვიქტორ!

ბედნიერ 60 წლისთავს გისურვებ და გილოცავ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს! ვწუხვარ, რომ ვერ ვუერთდები შენს საიუბილეო ღონისძიებებს, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს დღეები შენთვის სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება.

საუკეთესო სურვილებით –

სებასტიან კოე, ოლიმპიური თამაშების ორი ოქროსა (1980,1984) და ორი ვერცხლის (1980, 1984) მედლის მფლობელი; ლონდონი-2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე“.

 

„მე ვიცი, რას ნიშნავს ოლიმპიადაზე გამარჯვების სიხარული. ისიც ვიცი, რა ძნელია ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება. შენ ეს სამჯერ მოახერხე. ბოდიში, – ოთხჯერ! გილოცავ 60 წლის იუბილეს, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო!

რობერტ შავლაყაძე, ოლიმპიური ჩემპიონი (1960)“.

 

„ძვირფასო ვიქტორ,

გილოცავ 60 წლის იუბილეს! ჩემთვის იშვიათი პატივია, რომ საშუალება მაქვს, მივესალმო ერთ-ერთ უდიდეს სპორტის კაცს მძლეოსნობაში. შენ იყავი ღირსეული და სამართლიანი სპორტსმენი ასპარეზობასა და მეტოქეთა ძლევაში, ხოლო ნამდვილი მეგობარი არენის მიღმა! ერთდროულად დიდი კაცობა და დიდი სპორტსმენობა იშვიათი ფენომენია და კარგი მაგალითი უნდა იყოს დღევანდელი სპორტსმენებისთვის. მე დიდად მეამაყება, რომ ერთხელ თუ ორჯერ შევძელი შენი დამარცხება, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ოლიმპიადაზე არ მომხდარა. გახსოვს, 1972 წელს მიუნხენში მხოლოდ 4 სანტიმეტრით რომ დამამარცხე? თუმცა მე ვერ შევძელი, საუკეთესო ვყოფილიყავი ჩემს სამშობლოში, ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო შენთან პაექრობა. მადლობა იმ დიდებული წლებისათვის! გისურვებ ყოველივე საუკეთესოს და ბედნიერ იუბილეს, ჩემპიონო!

პატივისცემით –

იორგ დრემელი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი (1972), გერმანია“.

 

„ვიქტორ სანეევი დიადი მაგალითი და ნამდვილი კერპი იყო ჩემი თაობის სამხტომელთათვის. იგი იყო როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სრულყოფილების განსახიერება. როგორც მის განსაკუთრებულ თვისებას, გამოვყოფდი სანეევის უნარს, საჭირო დროს მოეხდინა მთელი თავისი პოტენციის კონცენტრაცია და მაქსიმალური შედეგისათვის მიეღწია. დარწმუნებული ვარ, რომ თანდაყოლილი ნიჭისა და დაუღალავი ვარჯიშების გარდა მისი წარმატებების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი თვითმობილიზაციის უნარი იყო. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება გახლდათ მასთან ერთად ვარჯიში და მასთან გაჯიბრება, მასთან ერთად გამარჯვებების განცდა და წუხილი დამარცხებების გამო. არა მგონია, ახლო მომავალში ვიქტორის მსგავსი სამხტომელი გამოჩნდეს საქართველოში. მისი სპორტული კარიერა საუკეთესო მაგალითია არა მხოლოდ ქართველი თუ ესტონელი სპორტსმენებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოს ათლეტთათვის.

ვიქტორის მეგობარი ცხოვრებაში და მეტოქე სპორტში –

იააკ უუდმიაე, ოლიმპიური ჩემპიონი (1980), ესტონეთი“.

 

ვიქტორ სანეევის იუბილემ როგორღაც აღადგინა წარსულსა და აწმყოს შორის უყურადღებობისა და გულგრილობის გამო ლამის ჩატეხილი ხიდი. საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელთაც ამ იუბილემდე სანეევის სახელი არც კი გაეგონათ ან თუ გაეგონათ, ჩვენიანი არ ეგონათ. განა ნიშანდობლივი არ არის, რომ არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი ამ იუბილისადმი მიძღვნილ თავის აღტაცებულ რეპორტაჟებში სანეევს სანაევად იხსენიებდა?

 

თავად ვიქტორ სანეევი კი, მრავალათასიანი სტადიონების ოვაციას მიჩვეული, ბავშვივით დაბნეული იდგა სტადიონთან შედარებით ერთი ბეწო ოპერის თეატრის სცენაზე და ცრემლებს ძლივს იკავებდა, სიხარულის ცრემლებს.

 

თბილისს ცრემლების სჯერა.

 

(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner