„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოება დაზაფრონ, უნდობლობა გააჩინონ, ჩვეულებრივი ბულინგი მოუწყონ ადამიანებს და საჯარო მოხელეებს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ მიხეილ სააკაშვილის „შავ სიაზე“ საუბრისას განუცხადა.
„თვითონ პერსონების, რომლებიც ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული, მათი რეპუტაციაც საკმაოდ მძიმეა. ვისურვებდი, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ სანამ სხვის თვალში ბეწვს მოძებნიან, თავის თვალში დიდი დირე დაინახონ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ შექმნას ითხოვს. მისი ინიციატივა სპეციალური საიტის შექმნასა და საბრალდებო დასკვნის მომზადებას გულისხმობს. სიაში კი მოხვდებიან მოსამართლეები, პროკურორები და თანამდებობის პირები. ინიციატივის მიხედვით, უნდა მიმართონ საელჩოებს, არ გასცენ სიაში მყოფებზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. სია კი, როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ჟურნალისტების მიერ მომზადებული მასალებით უნდა შედგეს.
ორგანიზაცია „სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ ე.წ. შავ სიას ქმნის.