logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს
- +

11 იანვარი. 2022. 12:44

 

„დღეს არის ბოლო სხდომა და დაველოდოთ მოსამართლე რას იტყვის, რადგან ამის შემდეგ მას სჭირდება დრო სათათბიროდ,“ - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი, მამუკა ხაზარაძის და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

 

„წინასწარ არ მსურს ჩემს სიტყვაზე ვისაუბრო. მე შევაფასებ ამ პროცესს, რომელიც არის სრულიად პოლიტიზებული დევნის კლასიკური მაგალითი და ეს გრძელდება უკვე 3 წელიწადია, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ეს რეალობა და მოცემულობა უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

 

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

 

2019 წლის 26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner