logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ალბათ, ბატონმა რეზომ იკითხა, იქ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები თუ არისო?
- +

11 იანვარი. 2022. 13:26

 

 

პოეტ რეზო ამაშუკელის გარდაცვალებას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მთელი თაობა წავიდა... ნიჭიერი და წიგნიერი თაობა!

***

ერთმა იკითხა, ნეტავ იქ თეატრი თუ არისო?

მეორემ - ნეტავ იქ კინო თუ არისო?

ალბათ, ბატონმა რეზომაც იკითხა, იქ ჟურნალ-გაზეთები და წიგნები თუ არისო?

 

ვერ მოასწრეს, მათ კიდევ ბევრი დარჩათ სათქმელ-საკეთებელი, ამიტომაც აინტერესებდათ, იქ რა ხდება, ხომ გავაგრძელებთო?

***

ხშირად მირეკავდა... ამაში ვერ ვაჯობე. არაფერი გამორჩებოდა - დაიბუხუნებდა, რეზო ვარ, კარგად დაგიწერია, ეგრე გააგრძელეო. სტიმულს მოგცემდა, სულს შთაგბერავდა, საომრად განგაწყობდა, თავის პოეტურ სამყაროში წაგიყვანდა. მასთან ურთიერთობა არ იყო ჩვეულებრივი, მით უფრო სუფრასთან... დაუვიწყარ შოუს დადგამდა. მქონდა ბედნიერება, ასეთი შოუების თანამონაწილე ვყოფილიყავი, ბევრი პოეტური შედევრი პირადად მისგან მომესმინა. ბოლოს (სანამ სახლებში ჩავსხდებოდით, სანამ ერთმანეთს დისტანციურად დაველაპარაკებოდით) საგურამოში ვიყავით, ილიას მარანში, თამადა იყო და უამრავს შორის ეს ლექსიც გვითხრა:

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“,

ვჭვრეტ წითელ ვაშლით

მშვენიერ ევას.

გავუწვდი ხელს და

მივწვდები ნაყოფს -

და მიწა იმ წამს დაიწყებს რწევას.

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“,

თავგაჩეხილი

კვლავ გზისპირ ვწევარ

- ეს თქვენ ხართ ისევ?!

კითხულობს ვიღაც

და მე ვპასუხობ:

დიახ, ეს მე ვარ!

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“,

მოწურავს ბედი

შხამიან მტევანს.

ჩასაფრებული მოზიდავს ისარს

და დამადევნებს

სისინით მდევარს!

მესმის ჩურჩული

და ჩხრეკა რამლის,

გავყურებ მთვარეს

ბეთანზე მთევარს...

და შემამცივნებს ყივილი მამლის

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“...

ვინ,

უცოდველი,

ქვას ვინ დასწვდება,

ვინ,

ვინ დამიწყებს ტალახში თრევას?!

რა დასავლეთით სხივი დაწდება,

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“...

მოყვასი მახეს

დაგიგებს ოდეს,

არ ღირს საწუთრო

გუნდრუკის კმევად!

ჩავიკრავ მკერდში ეკლიან ტოტებს,

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“...

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“,

ჩემს მარტოობას,

ჩემს მორჩილ მხევალს,

ავიყვან ზადენს,

ავანთებ სანთელს,

დავდგები ლოცვად და ცრემლთა თხევად!

„...რა მკათათვეში

მზე ლომზე შევალს“...

***

მადლობა და მშვიდობით, ბატონო რეზო“, - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner