logo_geo
eng_logo
ერთი გმირის ისტორია - პოლკოვნიკი ბესიკ ქუთათელაძე
- +

11 იანვარი. 2022. 15:05

 

 

ბესიკ ქუთათელაძე, პოლკოვნიკი - დაიბადა 1958 წლის 1 ივლისს. დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თავდაცვის, ეროვნული უშიშროებისა და მართლწესრიგის კომისიის წევრი. საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე. (1991-92).

 

ბესიკ ქუთათელაძემ 1991 წელს ჩამოაყალიბა საჩხერეში ერთ-ერთი პირველი საჯარისო შენაერთი, რომელსაც ეწოდა „იმერეთის სადროშო“, იყო ამ შენაერთის მეთაური. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში (1991-1992 წ.წ. სამაჩაბლოში). 1992 წლის 13 ივნისს ქალაქ გორში, რუსეთის სამხედრო ძალებთან შეტაკების დროს, ბესიკ ქუთათელაძე მძიმედ დაიჭრა და 27 ივნისს გარდაიცვალა.

 

„პირველ იანვარს, ღამით, საჩხერის ბატალიონმა დავტოვეთ თბილისი, არ გამაჩნდა არავითარი მონაპოვარი, რომლის გულისთვისაც ღირდა, თუნდაც, ერთი ქართველი ჭაბუკის წვეთი სისხლის დაღვრა, სიცოცხლეზე აღარ ვლაპარაკობ. ქართველის წვეთ სისხლად არ ღირს არცერთი მთავრობა, არც მუდმივი და არც დროებითი. ამიტომ ავიღეთ ბრძოლაზე ხელი და არა იმიტომ, რომ სიკვდილის შეგვეშინდა...

 

საქართველო რომ გყვარებოდა, ის უნდა გცოდნოდა. ჩვენ კი საქართველო არ ვიცით, რადგან ეს ჩვენთვის არავის უსწავლებია.  მე აღარ მიკვირდა აღარც დახვრეტილი ქაშუეთი, აღარც დამწვარი რუსთაველი. უნდა ვაღიარო, მე არ ვიყავი მზად იმისათვის, რომ ვინმე ზარბაზანს ისროდა რუსთაველზე. მე უფლება არ მქონდა, ჩემი გვარდიელებისათვის განაჩენი გამომეტანა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დავრჩენილიყავით. ყოველი დაღუპული ახალგაზრდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს დაიღუპებოდა ის, პასუხს საფლავიდანაც კი მოგვთხოვდა. უზნეოდ ჩავთვალე თუნდაც ერთი ქართველის სიკვდილი ჩვენი პოსტების შესანარჩუნებლად. მე მთავრობის სახლში ერთი რამ მქონდა შესანარჩუნებელი და გასაფრთხილებელი, ეს იყო ჩემი თანამებრძოლების სიცოცხლე და თვით პრეზიდენტისაც. აგრეთვე, უნდა გავფრთხილებოდი ბარიკადის იქით მდგარი ქართველი ბიჭების სიცოცხლესაც. სხვა იქ აღარაფერი გამაჩნდა, არც კანონიერი მთავრობა, რომელსაც თვითონაც წარმოვადგენდი...

 

...რუსთაველზე სიკვდილი შეგვრცხვა, შეგვრცხვა ორი მხრიდან დაცხრილული ქაშუეთის, რომელიც ორ ძმას შორის იდგა, როგორც შეურაცხყოფილი დედა...“ - ნაწყვეტი ბესიკ ქუთათელაძის წერილიდან, რომელიც თბილისის სამოქალაქო ომის შემდეგ გამოქვეყნდა.

 

ლია ქუთათელაძე, ბესიკ ქუთათელაძის მეუღლე: „ბესო 1990 წლიდან იყო ჩართული საქართველოს ერთიანობის და გამთლიანების პროცესებში. აქტიურად მონაწილეობდა სამაჩაბლოს მოვლენებში, თუმცა, უნდა ავღნიშნო, რომ ბესოს ძალიან კარგი  ურთიერთობა ჰქონდა ოსებთან, არ არჩევდა ქართველებისგან. იქ მცხოვრებ ოსებს, ქართველებზე მეტ პატივს სცემდა, რომ უმცირესობაში არ ეგრძნოთ თავი. 1991 წელს, როდესაც საჩხერეში მიწისძვრა მოხდა, ბესიკი უკვე საჩხერის პრეფექტი იყო, მიწისძვრის დროს სოფელი ხახიეთი დაიმარხა - ორი მთა შეერთდა და სოფელი ქვეშ მოიყოლა, არავინ გადარჩა. ხახიეთი, ძირითადად, ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფელი იყო  და ბესო პირველ დახმარებას ყველაზე მეტად სწორედ ამ სოფელში მცხოვრები და დამარხული ადამიანების ნათესავებს და ახლობლებს უწევდა. ოსების მხრიდანაც ძალიან დიდი დაფასება ჰქონდა და დიდ პატივს სცემდნენ... მერე ბესიკი იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე...

 

რაც შეეხება მის დაღუპვას, დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ რამდენიმე დღით ადრე ამ შემთხვევამდე გორში ქართულ სოფლებს შემოუტიეს რუსულმა დაჯგუფებებმა, იყო ძალიან დიდი დაპირისპირება, გახშირებული იყო ქართველებზე თავდასხმები, ხალხი იხოცებოდა, ეს იყო 1992 წლის ივნისი. ბესომ თავისი მეგობრები და თანამებრძოლები შეკრიბა და გადაწყვიტა, წასულიყო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და არა საომრად. ისინი ცდილობდნენ, ქართული მოსახლეობა რუსული აგრესიისგან დაეცვათ. შემდეგ, როგორც გადმოცემით ვიცი, იყო შეთანხმება რუსებთან, თუმცა, როგორც ყოველთვის, რუსულმა მხარემ დაარღვია შეთანხმება, მოატყუა ქართული მხარე. მათ ყველა მაღალ წერტილზე განლაგებული ჰყავდათ სნაიპერები და როგორც კი შევიდნენ, ცეცხლი გახსნეს. როგორც მე გადმოცემით ვიცი, ბრძანებაც ჰქონდა, ყველა მაღალი და ვაჟკაცი ადამიანი ამოეღოთ მიზანში და ესროლათ, რომელიღაცა ხომ იქნებოდა ბესო ქუთათელაძე... ოფიციალურად შეტაკება მოხდა ქართველებსა და რუსებს შორის.  მე ვფიქრობ, ეს იყო გამიზნული, ძალიან არ მინდა, ასე იყოს, მაგრამ ასე მგონია. ბესოს სასიკვდილოდ ჰქონდა ტყვია მოხვედრილი  კეფაში, გადარჩენა შეუძლებელი იყო... ის ამ ჭრილობის შედეგად 27 ივნისს გარდაიცვალა...“

 

პაატა კვიჟინაძე, პარლამენტის წევრი, ბესიკ ქუთათელაძის, მეგობარი, თანამებრძოლი:  „ნამდვილად ახლო მეგობრები ვიყავით, თანამებრძოლები. ბესო უაღრესად შეყვარებული იყო თავის ქვეყანაზე. ყველა მისი საუბარი საქართველოთი იწყებოდა და სრულდებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი პატრიოტი ბიჭები იმ პერიოდში არცთუ ისე ცოტა იყვნენ, მაგრამ  მე პირადად, სამაჩაბლოშიც ნაბრძოლი ვარ, შემდეგ აფხაზეთში (დაჭრილიც ვიყავი) და ასეთი ვაჟკაცი ადამიანი არ შემხვედრია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუნდაც ფიზიკურად,  ძლიერი სპორტსმენი იყო, თუნდაც შემართებით, სიმამაცით, მოწოდებით...

 

ბევრისთვის არ არის ცნობილი ეს ფაქტი, პირველი ეროვნული გვარდიის ჩანასახი საჩხერეში შეიქმნა. არაოფიციალურად, იმიტომ რომ კომუნისტების დრო იყო ჯერ კიდევ. ამის ინიციატორი და სულის ჩამდგმელი ბესიკი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ამაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. ეს იყო პირველი მერცხალი, რომლის საფუძველზე შემდეგ შეიქმნა ეროვნული გვარდია. ჩვეულებრივ ფორმებში იყვნენ, ყაზარმებში სამხედრო ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ეს მთლიანად იყო ბესიკის იდეა და დამსახურება. მერე დაიწყო პრობლემები სამაჩაბლოში, სადაც აქტიურად იყო ჩართული ბესიკი.

 

მოგეხსენებათ, საჩხერეში  არის ნატოს სტანდარტის  სამთო მომზადების ბაზა და  სკოლა, სადაც ნატოს წევრი ქვეყნებიდან ჩამოდიან სწავლებებზე.  ამის შექმნაში იმდენი წვალება და ენერგია აქვს ბესოს ჩადებული. რა თქმა უნდა, ასეთი სტანდარტის შენობა და ბაზა მაშინ არ იყო, პატარა შენობა აშენდა, რისი საშუალებაც იყო იმ გაჭირვებულ დროში. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს საჩხერის სამთო მომზადების სკოლა ბესიკ ქუთათელაძის სახელს ატარებს.

 

სამწუხაროდ, დაიღუპა ძალიან ახალგაზრდა, 33 წლის, თუმცა დაიღუპა ისე, როგორც ნატრობდა, საქართველოს კეთილდღეობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლაში“.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 მაისის ბრძანების N738-ის საფუძველზე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა.

 

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner