logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: წლის ბოლოსთვის ეკონომიკური განვითარების ტემპები კი არ დავაგდეთ, არამედ განვავითარეთ, მომავალ წელსაც ველოდებით საკმაოდ დამაიმედებელ ეკონომიკურ ზრდას
- +

11 იანვარი. 2022. 16:08

 

 

 

„საკმაოდ პოზიტიურად დამთავრდა 2021 წელი. ჩვენ ფაქტობრივად გვქონდა გარღვევა თითქმის ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორის მიხედვით, ეს არის მთლიანი ეროვნული პროდუქტის ზრდა, ბიზნესაქტიურობის გაძლიერება, ექსპორტის, მათ შორის ადგილობრივის, საგრძნობი მატება, ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა“, - ასე შეაფასა გასული წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

 

მისივე თქმით, სერიოზულ გამოწვევად ინფლაციის მაჩვენებელი რჩება, თუმცა მისი ზრდა გასულ წელს საგარეო ფაქტორებზე იყო დამოკიდებული და მომავალ წელს, ეკონომიკური მაჩვენებლის გაუმჯობესებასთან ერთად, ინფლაციის დასტაბილურებასაც უნდა ველოდოთ.

 

„ერთადერთი, რაც რჩება სერიოზულ გამოწვევად, არის ინფლაციის მაჩვენებელი, თუმცა ამ ინფლაციის მაჩვენებელშიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ეგზოგენური ფაქტორების გამო არის გამოწვეული, ანუ ჩვენ ვახდენთ იმპორტს იმ საქონლისა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით გაძვირდა - ენერგორესურსები, ნავთობი და სურსათი, მათ შორის მარცვლეული და მათი სრული ჩანაცვლება არ შეგვიძლია. ძალიან ვართ დამოკიდებული ამ საქონლის შეძენაზე და ხდება გაძვირებული საქონლის ფასების გადმოტანა შიდა ბაზარზე, რისი გადახდაც საბოლოო ჯამში რიგით მოქალაქეებს უწევთ. რომ არა ეს გარემოება, ჩვენ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალი გვექნებოდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს სერიოზული გარღვევა საფინანსო-საბიუჯეტო და სხვა პარამეტრების მიხედვით, იგივე სამთავრობო ვალის 10%-ით შემცირება მშპ-სთან, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და დეკემბერში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ვალუტის კურსის გამყარება. თუ ამ ყველაფერს სასწორის ერთ მხარეს დავდებთ, აშკარად პოზიტიური შედეგებით გვაქვს დასრულებული გასული წელი.

 

ჩვენ წლის ბოლოსათვის ეკონომიკური განვითარების ტემპები კი არ დავაგდეთ, არამედ განვავითარეთ პოზიტიური ტრენდი, რაც მიმდინარე წლის მარტ-აპრილიდან შეინიშნება საქართველოს ეკონომიკაში. მომავალ წელსაც ველოდებით საკმაოდ დამაიმედებელ ეკონომიკურ ზრდას. შეიძლება, რომ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზეც ვიფიქროთ“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner