logo_geo
eng_logo
ამერიკელი სენატორები: პრინციპი „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“ ასევე უნდა გავრცელდეს საქართველოზეც
- +

11 იანვარი. 2022. 19:23

 

ამერიკელი სენატორები მარკო რუბიო, ტომ ტილისი, კრის კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფ მერკლი, მაიკ რაუნდსი, კორი ბუკერი, ჯონ ბარასო და ჯინ შაჰინი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ღია წერილით მიმართავენ და რუსეთის აგრესიის ფონზე, აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეებს მხარდაჭერას უცხადებენ.

 

„მიმდინარე კრიზისი ხელოვნურად შექმნილია ვლადიმერ პუტინის მიერ. პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. ქვემორე ხელმომწერი სენატორები მხარს უჭერენ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური არხი, რათა პუტინს მკაფიოდ გააგებინოთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ შეეგუებიან უკრაინის წინააღმდეგ ამჟამინდელ აგრესიას და არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას რუსეთისთვის მძიმე შედეგების გარეშე“, - ნათქვამია წერილში.

 

სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ წარდგენილი უსაფრთხოების გარანტიები მიუღებელია.

 

„ეს მოთხოვნები ევროპაში რუსული გავლენის სფეროს ხელახლა შექმნის მცდელობაა, სადაც კრემლი შეძლებს თავისუფლად დააშინოს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე“, - აღნიშნავენ სენატორები.

 

სენატორების თქმით, რუსეთს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება არ აქვს და ამ საკითხს მხოლოდ ნატოს წევრები გადაწყვეტენ.

 

„აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს „არავითარი გადაწყვეტილებები ან დისკუსიები უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე“, რომელიც ასევე უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს მიმართ. ნატოში გაწევრიანების კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან წევრობის ვალდებულებები იკისრონ და რომელთა წევრობა ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ სივრცეში“, - ნათქვამია სენატორების წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner