თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა, ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან.
„მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე.
ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.
ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილ იქნას დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, – განაცხადა მოსამართლემ.