ავტორი პაატა ნაცვლიშვილი
სამი ოლიმპიური ოქრო და ერთი ვერცხლი!
ასეთი სპორტული ნადავლი, სულ ცოტა, ოთხ ადამიანს მოაწყობინებდა პირად ცხოვრებას. მაგრამ სანეევი სპორტში პირადი ცხოვრების მოსაწყობად არ ყოფილა. იშვიათია მისებრ მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი. არავინ თავისი დიდი ჩემპიონობით არ შეუწუხებია. და სწორედ ამიტომაც არის დიდი ჩემპიონი.
აი, როგორ უპასუხებს სიდნეიდან ვიქტორ სანეევი ჟურნალისტ ზვიად შათირიშვილის კითხვას სატელეფონო ინტერვიუში:
„– ბატონო ვიქტორ, თვლით თუ არა, რომ სამშობლომ ყურადღება დაგაკლოთ? ხომ შეიძლებოდა ნაკლები პრობლემებით გეცხოვრათ?
– არა, ნამდვილად არ ვთვლი, რომ უყურადღებოდ დამტოვეს. როცა დიდი სპორტიდან მიდიხარ, ბუნებრივია, რომ ძველებურად აღარ იქნები პირველ როლებში. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ვიღებდი იმას, რასაც ვიმსახურებდი. პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ხალხისგან და ეს არის მთავარი. 50-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი მეგობარი მყავს და მათი დახმარების იმედი მაქვს. სხვათა შორის, ასეთი კითხვა ერთმა დიდმა ამერიკელმა სპორტსმენმაც დამისვა, რომელიც ჩემი კარგი მეგობარია და პასუხი რომ მოისმინა, გაუკვირდა, ვერაფრით გამიგო. ჩემთვის მთავარი საქმის ერთგულება იყო. მძლეოსნობა, კერძოდ, სამხტომი სიამოვნებას მანიჭებდა და ამის გამო არავის არაფერს ვთხოვდი. ოთხ ოლიმპიადაზე გამოსვლაც ამიტომ შევძელი. გასახსენებელიც უამრავი მაქვს – ოთხივე ოლიმპიადა სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასპარეზობა მიხაროდა“...
* * *
აი, სიტყვები მოსკოვში გამოცემული „საბჭოთა სპორტის მატიანიდან“:
„1952 წლიდან მოყოლებული 1980 წლამდე შვიდ ოლიმპიადაში იასპარეზეს საბჭოთა მძლეოსნებმა. 398 ოლიმპიელიდან 29 ჩემპიონი გახდა, ოთხმა ორ ოლიმპიადაში გაიმარჯვა, მხოლოდ ერთმა – სპორტის დამსახურებულმა ოსტატმა, ლენინის ორდენის კავალერმა, შრომის წითელი დროშისა და ხალხთა მეგობრობის ორდენების მფლობელმა ვიქტორ სანეევმა მოიპოვა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონობა“.
იმ თავისი ბოლო ოლიმპიადის შემდეგ ვიქტორ სანეევი კიდევ არაერთხელ ყოფილა მოსკოვში.
სულ ბოლოს ეს მოხდა 1995-ში, როცა ნათესავებთან მიბარებული თავისი ოლიმპიური მედლები და სხვა ჯილდოები ავსტრალიაში გააგზავნა. მისი ეს ბოლო ვიზიტი მოსკოვში უპრეცედენტო კურიოზით აღინიშნა. შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრეებმა სანეევი მოსკოვში არ შეუშვეს!
იდგა საბჭოთა კავშირის დედაქალაქის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა უმაღლესი ორდენის კავალერი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომლის პატივსაცემად სამ ოლიმპიადაზე მაშინდელი საბჭოთა კავშირის და რუსეთის დღევანდელი ჰიმნი ჟღერდა, საბჭოთა კავშირის ნომერი პირველი ოლიმპიელი, რომელმაც მოსკოვის ოლიმპიადის გახსნაზე ლუჟნიკის სტადიონზე ოლიმპიური ჩირაღდანი შემოიტანა და გაოგნებული ელოდა სისტემის ვერდიქტს.
სისტემამ კი კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი სახე.
ფორმალურად სისტემა მართალი იყო: ავსტრალიიდან მოსკოვში ჩასულ ვიქტორ სანეევს საქართველოში გაცემული საბჭოთა პასპორტის გარდა სხვა რამ დოკუმენტი არ გააჩნდა.
საბჭოთა სპორტის სახელი და დიდება, ყველა დროის უდიდესი საბჭოთა მძლეოსანი, მოსკოვის ოლიმპიადის ერთ-ერთი გმირი მანამ აყურყუტეს მოსკოვის აეროპორტის გასასვლელთან, სანამ საქმეში საქართველო არ ჩაერია თავისი მოსკოველი ელჩის ვაჟა ლორთქიფანიძის სახით.
* * *
ახლა ვიქტორ სანეევი ავსტრალიაშია, სიდნეიში. ერთ ხანს სენტ-ჯოზეფის პრესტიჟულ კოლეჯში მუშაობდა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროფესორად. მისმა სანდრომაც ეს კოლეჯი დაამთავრა და მერე სიდნეის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ახლა იგი 30 წლისაა და ერთ სიდნეურ ფირმაში მუშაობს. ერთ დროს სანდრო სანეევი სიდნეის ჩემპიონიც ყოფილა მოსწავლეთა შორის, 14 წლისა 14 მეტრზე გადახტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, თავი დაენებებინა სამხტომისათვის. მამამისი კი ავსტრალიელ ბიჭებში საჩემპიონო მასალას ეძებდა და ეძებს, რომ დიდ სპორტსმენებად გამოძერწოს, როგორც ეს თავის დროზე მისმა მწვრთნელმა გააკეთა.
„სამწუხაროდ, ავსტრალიაში მძლეოსნობა პოპულარული არ არის. ნიჭიერი სპორტსმენები მრავლადაა, მაგრამ ბოლომდე არ მიჰყვებიან საქმეს. მე მყავდა ერთი ბიჭი, რომელიც 16 მეტრსა და 90 სანტიმეტრზე გადახტა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე არ ეყო, მეც არ დამიჯერა და სამხტომს თავი დაანება. ახლა ვავარჯიშებ რამდენიმე კარგი მონაცემის მქონე მძლეოსანს, მაგრამ მეეჭვება, რომ სრულწლოვანობის შემდეგ გააგრძელებენ წვრთნას. ესენი უპირატესობას სხვა სფეროებს ანიჭებენ – იქ მიდიან, სადაც უფრო მეტი ფული იშოვება“.
როცა 12-წლიანი განშორების შემდეგ სანეევი საქართველოში დაბრუნდა, ზვიად შათირიშვილი ჟურნალ „ოლიმპიელში“ წერდა:
„ვიქტორ სანეევი ჩვენიანია, სოხუმში დაბადებული და მთელი კარიერის მანძილზე სამშობლოს დროშის ქვეშ მდგარი. ერთი წუთითაც არ უფიქრია საქართველოს გაცვლა სხვა ქვეყანაზე. უამრავი ოქრო-ვერცხლის ბრწყინვალებას მოარიდა თვალი, ათასგზის ცდუნებას გაუძლო და იკმარა ის, რაც ღმერთმა და მისმა ქვეყანამ მისცა. თუმცა დიახაც შეეძლო სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოხვეჭა. საქართველომ კი, რითაც შეეძლო, იმით დააფასა – მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის ტიტულიც უბოძა. ჩინ-მედლები არასდროს მოჰკლებია სანეევს, მაგრამ სახალხო სპორტსმენად ქცევა, ხალხის წრფელი სიყვარული ალბათ ყველაზე დიდი ჯილდოა მისთვის, ის ძალაა, რომელიც უამრავ ტკივილსა და გაჭირვებას ავიწყებს და საყვარელი საქმის კეთებაში ეშველება. სატკივარი კი უამრავი დაჰგროვებია სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ამ ბოლო დროს ჯანმრთელობაც ღალატობს. ცხოვრების უკუღმართობამ კი უკვე სახელოვანი კარიერის დასრულების შემდეგ ათასობით კილომეტრით მოაშორა მშობლიურ მიწას და დღეს ავსტრალიელ ქალ-ვაჟებს უზიარებს თავის მდიდარ გამოცდილებას და მძლეოსნობის მხოლოდ მისთვის ცნობილ საიდუმლოებებს. გასაოცარია, ქვეყანას ასეთი სპორტსმენი ჰყავდეს და ცხრა მთას იქით გადაეკარგოს“...
„ახლა მეოთხე ცხოვრებით ვცხოვრობ. ჯერ იყო ცხოვრება დიდ სპორტამდე, შემდეგ ოც წელზე მეტი პროფესიულ სპორტში ვიყავი, მოსკოვის ოლიმპიადის მერე ეგრეთ წოდებული საბჭოური ცხოვრება მქონდა, ახლა კი ავსტრალიური“.
საქართველოში კი სანეევი მხოლოდ ატლანტის კრახის შემდეგ მოისაკლისეს, როცა გაირკვა, რომ ქართულ დელეგაციას სწორედ სანეევის გამოცდილებისა და პირადი თვისებები მქონე კაცი აკლდა.
სწორედ იმ დროს კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც კონტრაქტის ვადა ამოეწურა, პიცას დაატარებდა სიდნეიში და ოლიმპიური მედლების გაყიდვას ცდილობდა.
„კონტრაქტის ვადა გამივიდა და ჩემი მომთაბარეობაც დაიწყო. დიდ სპორტში დიდი შურიანობა და გაუტანლობაა. ჩემი შეფი კოლეჯში ოლიმპიური ჩემპიონი იყო. მან ცოლად ითხოვა ავსტრალიაში ძალიან ცნობილი მორაგბის და. ბუნებრივია, კარგი სამსახურიც გაახერხა. არა და არ გამიგრძელა კონტრაქტი, დღეს-ხვალ, ცოტა მოითმინე, ცოტა მოიცადეო, სულ მატყუებდა. სჭირდებოდა მას კოლეჯში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი? რა თქმა უნდა, არა. თუმცა, მე არავითარი პრეტენზია არ გამაჩნია გარდა იმისა, მწვრთნელად ვიმუშაო და მოცალეობის ჟამს ვითევზაო. ბოლოს ისე გააკეთა, რომ ჩემი გაცილებაც კი არ მოუწყვიათ... ისე, გაცილებაში ბედი ნამდვილად არ მაქვს. დიდი სპორტიდან არც საქართველოში გავუცილებივარ, არც მოსკოვში, აქ კი მწვრთნელობიდანაც არ გამაცილეს. გავიგე, ლევან თედიაშვილის იუბილე მასშტაბურად და კარგად გადაგიხდიათ. ასეც უნდა იყოს“...
ვიქტორ სანეევის ეს სიტყვები ამოღებულია მისი ინტერვიუდან, რომელიც სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ჩაიწერა სიდნეიში და რომლის ერთი ფრაგმენტი ზემოთ უკვე დავიმოწმეთ. აი, კიდევ ერთი ფრაგმენტი იმ ინტერვიუდან:
„დიდხანს უმუშევარი ვიყავი. თავი მოსაკლავად მქონდა. იქამდეც კი მივედი, გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე, მე, ესა და ეს პიროვნება, ჩემს ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედლებს ვყიდი-მეთქი. გამომეხმაურნენ, მაგრამ მუქთად უნდოდათ, ყველაზე მაღალი ფასი, რომელსაც მთავაზობდნენ, 5000 დოლარი იყო. ეს აქ ერთი-ორი თვე გეყოფა. ოჯახის წევრებმაც და აქაურმა ნაცნობებმაც გაყიდვა გადამაფიქრებინეს. ახლა კი სახლებში მანქანით პიცას ვარიგებ. დიახ, დიახ, პიცას ვარიგებ. ვთქვათ, ვიღაც ლაწირაკს ან ბებრუხანას ნასადილევს ან ძილის წინ პიცა მოუნდა. დარეკავს ფირმაში, შეუკვეთავს და მე, ვიქტორ სანეევი, მივალ, სადაც პიცას აცხობენ და შინ მივართმევ ამ იტალიური კერძის მოყვარულს. წარმომიდგენია, ამას რომ საქართველოში წაიკითხავენ, რას არ გაიფიქრებენ და იტყვიან, რა გაუჭირდა ასეთი, აქ ჩამოვიდესო. ვისთან ჩავიდე, რა ვაკეთო?.. სანდრო, რომელიც უკვე 24 წლისაა, ასევე კაფეში დამხმარედ მუშაობს. შედარებით უკეთ იანა მოეწყო. ის სპეციალობით ექიმია, მაგრამ აქ ექიმად ვერ იმუშავებს, თუმცა თავის სპეციალობასთან მაინც ახლოსაა. მე არანაირი სამუშაო არ მეუხერხულება – ვმუშაობ, ხომ არ ვიპარავ“.
1998 წელს ვიქტორ სანეევი ათენში, მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში უნახავს ცნობილ ჟურნალისტს გოგი ჩოჩიშვილს და მისი გაჭირვებული ყოფის ამბავი პირველად მან ჩამოიტანა საქართველოში. ამის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თხოვნით მიმართა სიდნეის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტსა და ავსტრალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სამუშაოს პოვნაში დახმარებოდნენ სანეევს, მაგრამ ამ თხოვნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
„ის კი არა, რამდენიმე წერილი მივწერე ხუან ანტონიო სამარანჩს. ათენში, მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, პირადად ვესაუბრე მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ პრიმო ნებიოლოს. რომ მომისმინა, იცით რა მითხრა ნებიოლომ? სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ: „ბოლოს და ბოლოს საქართველოში ხომ არის სპორტის სამინისტრო, ხომ არის ოლიმპიური კომიტეტი? ისინი ვალდებულნი არიან, შენ და შენნაირ სპორტსმენებს მიხედონ, ბევრი ჰყავთ შენნაირი სპორტსმენი? თუ არ უნდათ ან არ შეუძლიათ იკისრონ ამგვარი მისია, მაშინ მიმართე თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს. ის მაინც გაგებით მოეკიდება შენს მდგომარეობას. ჩემი მოვალეობა ის კი არაა, მძლეოსნობის ვეტერანებს მივხედო, ამაზე თქვენმა ქვეყანამ იზრუნოს. მე ვალდებული ვარ, მათ მიმართ გამოვიჩინო მაქსიმალური ყურადღება, ვინც დღესაა სპორტში“ აი, ასეთი რჩევა-დარიგება მომცა პრიმო ნებიოლომ“.
იმავე ინტერვიუში კითხვაზე – „აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?“ – სანეევი უპასუხებს:
„რა მნიშვნელობა აქვს, სად მოვკვდები. დღეს საქართველოში – გინდ თბილისში, გინდ სოხუმში ვის ვჭირდები? გარდა ამისა, მე ხომ დიდი ხნის სიცოცხლე არ დამრჩენია. რამდენიმე წელიც და წავიღებ წერილს. ისე, დასაფლავება ჩემს მშობლიურ მიწაზე მირჩევნია, რა თქმა უნდა“...
სიკვდილზე ფიქრი ჯერ ძალიან ნაადრევია და საამისოც არაფერი გეტყობათო, ინტერვიუერი ეუბნება, სანეევი კი:
„რეალისტები უნდა ვიყოთ. ჩემი ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ნახევარი კაციც აღარ ვარ. ისინი, ვისაც 30-35 წლამდე ჩემსავით თავი გადადებული აქვთ, დიდხანს ვერ ცოცხლობენ. გმირებიც კვდებიან. ეს ასეა. ეს ამერიკის აღმოჩენა არაა“.
ოლიმპიური თამაშების წინ, სიდნეიში მრავალი სარეკლამო ლაითბოქსი გაჩნდა დიდ ოლიმპიონიკთა გამოსახულებებით. მათ შორის იყო სანეევიც თავისი მექსიკური ნახტომით, და სპორტული მიღწევების ნუსხით. ვინ იცის, რამდენჯერ ჩაუვლია რომელიმე ასეთი ლაითბოქსის წინ ვიქტორ სანეევს პიცით ხელდამშვენებულს თუ სევდიანი ფიქრებით გულდამძიმებულს...
ჩემს არქივში არის ვიქტორ სანეევის ფოტო ამ ლაითბოქსის ფონზე გადაღებული სიდნეიში 2000 წელს (სწორედ ეს ფოტო ერთვის აქ ჩემი ტექსტის ბოლო ფრაგმენტს).
ავსტრალიაში ვიქტორ სანეევი დიდი გეგმებით აღვსილი წავიდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მის გეგმებს ასრულება არ ეწერა. მისი მეოთხე, ავსტრალიური ცხოვრება ყველა წინაზე მძიმე აღმოჩნდა.
„მეოთხე სიმაღლის“ ავტორი ალბათ მოძებნის დროს და ძალას, რომ თავისი ავსტრალიური ცხოვრებაც აღწეროს. წიგნის სათაურზე ფიქრი დიდხანს არ მოუწევს. „მეოთხე ცხოვრება“ მისთვის ზედგამოჭრილი იქნება: აკი თავად დაარქვა სანეევმა თავის ავსტრალიურ პერიოდს მეოთხე ცხოვრება, რომელმაც მას მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა, რადგან -
„შენზე ფაქტობრივად, არაფერია დამოკიდებული. სხვის იმედზე ხარ. იცი, რომ შეგიძლია, მეტი მისცე სხვას, შენი ცოდნა, გამოცდილება გაუზიარო, დაუახლოვო დიდ სპორტს. არ გამოდის. თავს ზევით ძალა არ არის. ვერა და ვერ მოვახდინე ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია სამხტომის სექტორის მიღმა. რამდენადაც დაუოკებელი ვიყავი დიდ სპორტში, ისეთივე უძლური აღმოვჩნდი რეალურ ცხოვრებაში... მე განათლებითაც მწვრთნელი ვარ და მოწოდებითაც. ჩემი ცხოვრების მიზანი, ოცნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, იყო და არის, აღვზარდო ოლიმპიური თამაშების პრიზიორი მაინც. ჯერჯერობით არაფერი გამომდის. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და პესიმისტი გავხდი. მეკითხებით, რა არის მიზეზიო. ჩემი აზრით, ავსტრალიაში სპორტის ურთულეს სახეობაში, როგორიც სამხტომია, დიდი სპორტსმენის გაზრდა ძალიან ძნელია. აქაურები განებივრებულნი არიან, კარგად ცხოვრობენ, პრობლემა არ აქვთ, მხოლოდ თავიანთი სიამოვნებისთვის ვარჯიშობენ, მსხვერპლის გაღება არ უნდათ. სპორტში ვერ ხედავენ თავიანთი პროფესიული შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას. ავსტრალიელებს ყველაფერი უნდათ, ოღონდ პატარა დოზით, ცხოვრება რომ გაიმრავალფეროვნონ. ვერა და ვერ შევაგნებინე აქაურებს – კი, ბატონო, სამხტომი ურთულესი რამაა, მაგრამ მძლეოსნობა ხომ ყველა სპორტში წარმატების მიღწევის საფუძველია. გულმოდგინედ მაინც ივარჯიშეთ, დიდ სპორტში თუ არა, ცხოვრებაში მაინც გამოგადგებათ. არა და არა! ვერ შევასმინე. არაფერმა გაჭრა. არც პირადი მაგალითის ძალამ. არ უნდათ და მოკალი, თუ გინდა! კი, ჩემი მოსწავლეები გახდნენ კოლეჯის, სიდნეის, ავსტრალიის ჩემპიონები, მაგრამ ოფლის დაუღვრელად. დიდ სპორტში კი დღეს საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებით ფონს ვერ გახვალ. აბა, დააკვირდით, ვინ ჰყავთ ავსტრალიელებს მძლეოსნობაში მსოფლიოს ან ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები! დაახლოებით იგივე სიტუაციაა საქართველოში. ქვეყანაში, სადაც გაიზარდნენ დუმბაძე და გოკიელი, სანაძე, შავლაყაძე და სანეევი, დღეს, ფაქტობრივად, მაღალი დონის მძლეოსანი არ გვყავს. ჩვენთან ეს ნაწილობრივ სხვა მიზეზით აიხსნება. მაგრამ ამის განმაპირობებელი მაინც სახეობის სირთულეა. ის ითხოვს ჯოჯოხეთურ შრომას და მზად უნდა იყო იმისთვის, რომ დიდი სპორტის შემდეგ ხეიბრდები. დიახ, დიახ, ეს ასეა. ჩვენ გვახსოვს საბჭოური პროპაგანდა – სპორტი ჯანმრთელობის საწინდარიაო. შეიძლება ეს ითქვას ძუნძულით სირბილზე, ან რამდენიმე ასეული მეტრის გაცურვაზე... მონოლოგივით გამომდის, მაგრამ უნდა ვთქვა – არც ერთი ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ჯანმრთელი და სტარტებისთვის ფიზიკურად სრულფასოვანი არ ვყოფილვარ. დღეს ინვალიდი ვარ. ეს ფაქტია. კი არ ვწუწუნებ, ეს რეალობაა. ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა მაიკლ კონლიმ, რომლისთვისაც ესპანეთის სტარტი მხოლოდ მეორე ოლიმპიადა იყო, ფაქტობრივად სულ გამოიცვალა მუხლები! მე რამდენიმე ოპერაცია მჭირდება, რომ რაღაც დონეზე მაინც „გამარემონტონ“. ასეთი ოპერაციის გაკეთების ღირებულება კი, მოგეხსენებათ, როგორია. და მიუხედავად ყველაფრისა, მე უბედნიერესი კაცი ვარ – შევძელი სპორტში ჩემი თავის რეალიზაცია. ასეთი რამ, პრინციპში, მხოლოდ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში შეიძლება... ამბობენ, რომ სპორტში „გაუმაძღარი“ ვიყავი. ასეც იყო. მე არ ვოცნებობდი არც მანქანაზე, არც ბინაზე და სხვა რამეებზე, გულის სიღრმეში კი მწყინდა, რომ ზოგჯერ უგულებელმყოფდნენ. მაგრამ ჩემი ცხოვრების მიზანი იყო სპორტული შედეგი, მხოლოდ მეტრები და სანტიმეტრები“.
„...და ცოტა იღბალი“ – ასე დაასათაურა სანეევმა თავისი წიგნის ბოლო თავი. სპორტულ იღბალს არასოდეს გაუნებივრებია იგი. როგორც თავად წერს, ერთადერთი შემთხვევა, როცა იღბალი მის მხარეს იყო, მიუნხენში მოხდა, როცა იორგ დრემელს მეხუთე ცდაზე ქარმა შეუშალა ხელი უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.
„სხვა ისეთ შემთხვევას, სპორტული იღბალი რომ მომხმარებოდა ჩემპიონობის მოპოვებაში, ვერ ვიხსენებ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სპორტში არ გამიმართლა. პირიქით, სპორტში მე რთული, მაგრამ ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება განვვლე. საქმე მარტო რეკორდები, გამარჯვებები და მედლები როდია, ან ის, რომ სპორტი დამეხმარა მე, სოხუმელ ყმაწვილს, მეშვიდე შვილს ოჯახში, რომლის მამა პარალიზებული იყო, დედა კი მეეზოვედ მუშაობდა, ცნობილი ადამიანი გავმხდარიყავი და ნახევარი მსოფლიო მომევლო. ჩემს ყველაზე დიდ გამართლებად იმას ვთვლი, რომ ცხოვრების გზაზე მუდამ მხვდებოდნენ გულისხმიერი, კეთილი ხალხი, რომლებიც მეხმარებოდნენ, ავსულიყავი სპორტულ მწვერვალზე და კაცი გავმხდარიყავი“.
(ჩემი წიგნიდან „ვიქტორ სანეევი“. თბილისი, 2011)
P.S. ვიქტორ სანეევს ხვალ დილით დაკრძალავენ სიდნეიში.