logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლო: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს
- +

12 იანვარი. 2022. 15:47

 

 

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით“, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, კოლეგიის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.

 

„მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში. ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია და მოსაზრებები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner