logo_geo
eng_logo
საქალაქო სასამართლო: იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა
- +

12 იანვარი. 2022. 15:40

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვარის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარი და გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

 

საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.

 

„სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მიზანმიმართულად, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

„აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს - გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები“, - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner