„ქართული ოცნება" იქნება ძალიან ფართოდ წარმოდგენილი პარლამენტში", - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ქართული ოცნების" შანსებს საპარლამენტო არჩევნებში.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ფართოდ წარმოდგენის მიზეზი სხვა პარტიების პასიურობაა.
„შეიძლება მივიღოთ სურათი, რომ „ქართული ოცნება" იყოს ძალიან ფართოდ წარმოდგენილი, რადგან სხვა პარტიების პასიურობამ ითამაშოს გადამწყვეტი როლი", - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, პარტიების პასიურობის მიზეზი ხშირად ფინანსებია და შესაძლებელია, რომ პარტიებმა აქტიურობა სექტემბრისთვის გადადონ.
„თუ ყველა პარტია ერთდროულად აყაყანდება სექტემბერში, ვერავინ ვერ გაიგებს რომელი პარტია რა არის", - განაცხადა საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან" ერთად პარლამენტში მოხვდებიან "ნაციონალებიც", რადგან მათ საკმაოდ მობილიზებული ელექტორატი ჰყავს. მისივე თქმით, მანდატების აღებას „პატრიოტთა ალიანსიც" შეძლებს.
როგორც საყვარელიძე აღნიშნავს, ელექტორატის მობილიზაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს არჩევნებში. ის ასევე არ გამორიცხავს პარლამენტში პაატა ბურჭულაძისა და ნინო ბურჯანაძის პარტიების მოხვედრას. თუმცა, მისი თქმით, ნინო ბურჯანაძეს უფრო მეტი შანსი აქვს.
„ბურჭულაძის პარტიამ ადრე აიხადა ნიღაბი და განაცხადა, რომ "ნაციონალების" მხარდამჭერია", - აღნიშნა საყვარელიძემ.