logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: როდესაც ამბობენ, რომ ვერ გაბედეს მათი დაკავება, ისინი ამით ავტომატურად ადასტურებენ, რომ ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს
- +

12 იანვარი. 2022. 19:57

 

 

„სასამართლოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში რამდენად დასაბუთებული იყო, ამაზე ჩვენ მსჯელობა შეგვეძლება მას შემდეგ, რაც სასამართლო მთლიან დასკვნას გამოაქვეყნებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გამოცხადებული განაჩენის კომენტირებისას. მისი თქმით, დღეს უკვე დადასტურდა სასამართლოს მიერ, რომ საქმეზე ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.

 

„მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, რასაც ვისმენდით მხარეებისგან, ამ შემთხვევაში ბრალდებულებისგან, ისინი პრაქტიკულად არ დაობდნენ იმაზე, დანაშაული არის თუ არა ჩადენილი. პერიოდულად, პიარულად, ამბობდნენ, რომ დიახ, დანაშაული არ არის ჩადენილი, მაგრამ ძირითადად დაობდნენ სწორედ კვალიფიკაციაზე, რომ ეს არ იყო ფულის გათეთრება, იმიტომ, რომ მათ კარგად იცოდნენ, რომ დანაშაული სავარაუდოდ, ჩადენილი ჰქონდათ და დანაშაული სავარაუდოდ, უკვე დადგენილია სასამართლოს მიერ. ფაბულა სხვათა შორის არის ძალიან მარტივი და ამიტომ დაობდნენ სწორედ კვალიფიკაციაზე, რომ არა ამ მუხლით, არამედ სხვა მუხლით გვაქვს დანაშაული ჩადენილიო და ახლა, როდესაც განაჩენი ხელში უკავიათ, განაჩენი, რომლითაც ისინი დამნაშავეებად არიან ცნობილი, ცნობილები არიან თაღლითებად, მაგრამ ციხეში არ მოხვდნენ, ახლა დაიწყეს პოლიტიკური კამპანია, იმაზე, თითქოს მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ამ დროს, ძალიან მარტივი ფაბულაა: მე და თქვენ, რომ წავიდეთ, ან ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, 17 მილიონ დოლარს კი არა, 170 000 კი არა, 17 000 არავინ გასესხებს ისე, თუ შესაბამისი გარანტიები არ არის ჩადებული და შემდეგ არავინ ჩამოგვაწერს ამას. ამათ ასესხეს ერთ ადამიანს 17 მილიონი დოლარი და იმავე დღეს, იმავე კაცისგან ისესხეს უკან და მერე ისე გააქრეს, რომ არც ბანკს მიუღია რამე და არც ბანკის მეწილეებს და მეანაბრეებს და ა.შ. ანუ, გადაფორმდა მერე ოფშორში არსებულ კომპანიაზე, იმას დაეკისრა ვალდებულება და ბუნებრივია, რომ იმას არც დაუბრუნებია და საერთოდ გაქრა ეს თანხა. შესაბამისად, თაღლითობა დადგენილად ცნო სასამართლომ და რადგან უბრალოდ ვადა იყო გასული ხანდაზმულობის, ამიტომაც გაათავისუფლა ისინი. პროკურატურის ყველა მტკიცებულება როგორც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, იყო ცნობილი დადასტურებულად.

 

როდესაც ისინი ამბობენ, რომ ვერ გაბედეს [მათი დაკავება] ისინი ამით ავტომატურად ადასტურებენ, რომ სინამდვილეში მათ ფულის გათეთრება აქვთ ჩადენილი. მე ვისაც ვესაუბრე ამ საქმის სპეციალისტებს და ამ საქმის მცოდნეებს, ყველა ამბობს, რომ კლასიკური ფულის გათეთრების სქემა იყო.

 

დანაშაული რომ ჩადენილი აქვთ, ეს ჩანდა იქიდანაც, რომ ბანკს გადახდილი ჰქონდა ადმინისტრაციული ჯარიმაც, ისინი ჩამოშორდნენ ხელმძღვანელ თანამდებობებს და ეს საერთოდ არც გაუპროტესტებიათ. ახლა ამას სამართალდარღვევის კვალიფიკაცია მიეცემა, დანაშაულის თუ რა მიეცემოდა, ეს აქამდე საკამათო იყო. დღეს უკვე დადასტურებულია სასამართლოს მიერ რომ აქ იყო როგორც სამართალდარღვევა, ისე იყო დანაშაული ჩადენილი.

საქართველოში ტენდენციად ჩამოყალიბდა, ადამიანი როცა დანაშაულს ჩაიდენს, შემდეგ ის უნდა გახდეს ან მედიამფლობელი, წავიდეს მედიაში ან პოლიტიკაში და შემდეგ თქვას, რომ პოლიტიკურად მდევნიან, მდევნიან როგორც მედიამფლობელს. ეს სასჯელისგან თავის არიდების მცდელობად იქცა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე. სასამართლოს გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში რამდენად დასაბუთებული იყო, ამაზე ჩვენ მსჯელობა შეგვეძლება მას შემდეგ, რაც სასამართლო მთლიან დასკვნას გამოაქვეყნებს“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner