logo_geo
eng_logo
მიმდინარე წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, გასული წლის ეკონომიკის კოვიდ-რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია - გიორგი ცუცქირიძე
- +

12 იანვარი. 2022. 21:40

 

 

„ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით, რაც ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს ეყრდნობა, წლის ბოლოს 11 თვის მონაცემთან ახლოს 10,7%-ის დონეზეა მოსალოდნელი წლიური ზრდის ტემპიც. ნიშანდობლივია, რომ წლიური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი მეტი იქნება როგორც საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საბაზისო პროგნოზზე, რაც 10%-ს შეადგენს, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზეც, რაც სწრაფი აღდგენის და ზრდის კარგ პერსპექტივებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს.

 

ექსპერტის შეფასებით, წლის ბოლოს საქართველოს როგორც რეგიონში, ისე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა ექნება:

 

„ნიშანდობლივია, რომ მაღალ ზრდას განაპირობებდა ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა, რაც 11 თვის მონაცემითაც კი 21 პროცენტით აღემატება 2019 წლის მონაცემს, და წლის ბოლოს გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი იქნება.

 

ამასთან, ჩვენ წლის ბოლოს გვექნება როგორც რეგიონში, ასევე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა, და ზრდის ტემპით მხოლოდ ირლანდიას ჩამოვრჩებით, ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზითაც, მომავალ წლებშიც ჩვენ გვექნება ევროპაში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ 5.5-6.5 პროცენტის ფარგლებში.

მიმდინარე წლის სარეკორდოდ მაღალი ზრდა, გასული წლის, ეკონომიკის კოვიდ - რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის თვალსაჩინო მაგალითია, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის სწორ დაგეგმვასთან ერთად, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამების ეფექტურობასაც ადასტურებს. სარეკორდოდ გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტიც ამის მაგალითია“, - აღნიშნავს ცუცქირიძე.

 

მისი თქმით, ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად ინფლაციის მაღალი დონე რჩება, რაც არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ გლობალურ გამოწვევად მიიჩნევა.

 

მისივე შეფასებით, ინფლაციის მაჩვენებელზე სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ მოახდინა გავლენა:

 

„მაღალი ზრდის პირობებში, მთავარ გამოწვევად ინფლაციის მაღალი დონე რჩება. ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა გლობალურად სასაქონლო ბაზრებზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო ბაზრებზე, ასევე, ნავთობის ფასების მნიშვნელოვანმა ზრდამ. წინასწარი შეფასებითაც, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი მთლიან ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტია.

 

დღეს ინფლაცია არა თუ ცალკეული ქვეყნების, არამედ გლობალურ გამოწვევადაც უნდა მივიჩნიოთ. ასეთი მაღალი ინფლაცია, გასულ წლებში, არ ყოფილა არც ჩვენთან და არც გლობალურ დონეზე. ამის მაგალითად როგორც რეგიონის ქვეყნები, საშუალოდ 8.5 პროცენტიანი ინფლაციით, ასევე ევროკავშირიც გამოდგება, სადაც ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა 5 პროცენტით და ამერიკის შეერთებული შტატები. გარდა იმისა, რომ აშშ -ში სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ ასევე სარეკორდო 6.8 პროცენტიან ნიშნულს მიაღწია, სამრეწველო ფასების ინფლაცია სულაც 25 პროცენტამდე ავარდა.

 

ცნობისათვის, 2011 წლის შემდეგ 2021 წლის ნოემბერში სურსათის ფასების ინდექსმა (FAO) რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და წინა წელთან შედარებით სარეკორდო 27 %-ით გაიზარდა. ამასთან, ნავთობის ფასებიც წინა წელთან შედარებით 55%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

თუმცა, ინფლაცია შემცირებას უკვე მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს“, - აცხადებს ექსპერტი.

 

გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად მცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც და 4,2% იქნება:

 

„მაღალი ზრდა პოზიტიურად აისახა საბიუჯეტო პარამეტრებზეც. 2022 წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარით, რაც სარეკორდოა ბოლო წლების თვალსაზრისითაც. ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, დადებითად აისახა საგარეო ვალის მშპ-სთან თანაფარდობის პროპორციაზეც, და მიმდინარე წელს მშპ-სთან მიმართებით, საგარეო ვალი 61%-დან, 51,1%-მდე შემცირდება.

 

პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვნად, თითქმის ორჯერ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტიც და 4,2% იქნება. საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, რაც საგარეო მოწყვლადობის შემცირებით, დადებითად აისახება ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობასაც. 2022 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთი მახასიათებელი გაზრდილი კაპიტალური ხარჯებია, რომლის სიდიდეც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტში არ მცირდება და პანდემიის მიუხედავად 5,9 მილიარდი ლარის ოდენობით არის დაგეგმილი, რაც ჯამში მშპ-ს 9,1%-ს შეადგენს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კაპიტალური ხარჯების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, გარდა ზრდის ხელშეწყობისა, მთლიანად თავსებადია პრემიერის დაანონსებული ახალი სოციალური პოლიტიკის სტრატეგიისა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონებში გადატანით, ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას ითვალისწინებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, სიღარიბის შემცირების კარგი წინაპირობა გახდება“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner