ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის პროექტის უახლესი ვერსიის თანახმად, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებისთვის უფრო ძლიერ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, მათ შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV ავრცელებს.
„ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა, ეფექტურობა და ხილვადობა გლობალურ არენაზე ერთობლივი ძალისხმევით და ინვესტიციებით. ჩვენ უნდა დავიცვათ ღირებულებები და პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს დემოკრატიებს, მხარი დავუჭიროთ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და ავიღოთ მეტი პასუხისმგებლობა ევროპისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ხუთ ძირითად პრინციპს უჭერს მხარს, რაც მოიცავს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებას, რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებთან კავშირის განმტკიცებას, ევროკავშირის მედეგობის გაზრდას რუსეთიდან მომავალი მუქარებისადმი და რუსეთთან მხოლოდ გარკვეულ სპეციფიკურ საკითხებზე თანამშრომლობას.
ევროკავშირის სამხედრო სტრატეგიის პროექტი ასევე მოიცავს ცალკე თავს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ „უსაფრთხოების მზარდი რთული გარემოს გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების სტაბილურობასა და მმართველობაზე, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში“.
„როგორც ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორები, გაძლიერდება კონკრეტული დიალოგი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დეზინფორმაცია და კიბერუსაფრთხოება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.