„ისინი პოლიტიკაში მოვიდნენ მას შემდეგ რაც საკმაოდ მწვავე შეკითხვები დაუსვეს - სად გაქრა 17 მილიონი დოლარი?“ - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „ლელოს“ ლიდერების მიმართ სასამართლოს განაჩენზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ვერავინ აუვლის გვერდს იმ ფაქტს, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთანდილ წერეთელს სესხი სთხოვეს, მან კი 17 მილიონი დოლარი მათივე ბანკიდან გაიტანა და პირად ანგარიშებზე ჩაურიცხა.
„შემდეგ, 2012-ში არჩევნების შემდეგ, ეტყობა, შექმნეს ოფშორული ორგანიზაცია და ეს სასესხო ვალდებულებები გადააწერეს ამ ორგანიზაციას. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერავინ უარყოფს. ვთქვათ, დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენს ოპონენტს შეელახოს ავტორიტეტი და პოლიტიკურ ბრძოლაში ამ მიზანს ვხედავთ. ამ ფაქტს რას უშვებით, სად მიგაქვთ, რით ამართლებთ? მაშინ რატომ ასაჩივრებთ, თუ გგონიათ რომ სასამართლო მოიგეთ?“ - განაცხადა ვოლსკიმ.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. მსჯავრდებულები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.