logo_geo
eng_logo
შალვა რამიშვილი: ციხის საკანი ნოეს კიდობანივითაა. პატიმრები მუდმივად ცდილობენ აქ სახლი მოიწყონ
- +

3 აგვისტო. 2016. 13:51


ჟურნალისტი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პატიმრობის დროს გაკეთებულ ჩანაწერებს აქვეყნებს:

 

ციხის საკანი ნოეს კიდობანივითაა. პატიმრები მუდმივად ცდილობენ აქ სახლი მოიწყონ. იციან, რომ ეს შეუძლებელია - ყოველ წამს შეიძლება გაჩხაკუნდეს რკინის კარი და წაგიყვანონ ეტაპით. ამიტომ რაც შეიძლება ნაკლები ჭინჭი უნდა გქონდეს. არ ითვლება კარგ პონტად როცა დიდ ბოხჩას დაათრევ ეტაპში. ჯერ ერთი, ზედამხედველებს ეზარებათ ბარგი­ბარხანის ჩხრეკა და შეიძლება ეგრევე კარცერში გიკრან თავი და მეორეც - ციხეში კარგი შმოტკის დედაც! მაგრამ სულ სხვა რამეა შენი საკანი... შენი სახლი... ადგილი სადაც ცხოვრობ... რაც მეტი სვაბოდის ნივთი გექნება აქ - მით უფრო კარგია. სარკე, პირსახოცის საკიდი, ტაბურეტი, ფაიფურის საფერფლე, რაღაც შუშის ქილები რომელშიც ან ჩაის ან შაქარს ან ყავას ან მისთანობებს ინახავ. "კლიონკა", რომელსაც მაგიდას აფარებ.

 

პატარა ბლოკნოტი, რომელშიც ტელეფონის ნომრებს წერ (ოღონდ ეს ბოლო ნივთი „შმონისას" პარაშაში უნდა ჩააგდო თორემ წაგართმევენ)... ეს და სხვა ნივთები ათასი გზით ჩნდებიან საკანში. არ მკითხოთ საიდან, არ ვიცი. ასე მგონია, რომ თავისით მოცოცავენ. იკრავენ ციხის სუნს და მოიპარებიან, ზაპრეტკას გადმოევლებიან და კამერაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

 

აი გადაგვიყვანეს რომელიღაც ახალაშენებულ ციხეში. შემზარავად სტერილური კამერა კრემატორიუმის ვიდზეა. აცეტონიანი საღებავის სუნი ტრიალებს. კედლებიდან ბათქაში ცვივა. ახლახანს წავიდა რ2­ის „კურიერი" რომელმაც კიდევ ერთი „ევროპული" სტანდარტების ციხის გახსნა ახარა ერს. ახლა პატიმრების ჯერია. აცადეთ... დედას უტირებენ! მართლაც, ძალიან მალე აქ უკვე იცხოვრება. შკონკები (ნარები) იტიხრება რაღაც ნაჭრებით. კედლებზე ჟურნალიდან ამოჭრილი სურათები იჩითება. ხატების კუთხესაც აწყობენ (ოღონდ ციხეში არ გაწუხებენ მორწმუნეობით. მაცხოვარი მშვიდად შესცქერის მისგან ოდნავ მოშორებით კედელზე გაკრულ კიმ კარდაშიანს - თითქოს ცოდვებს პატიობსო) ჩნდება ჯამები, ლითონის კოვზები, ნემსი და ძაფი, თერმომეტრი, ნარდი, კარტი (თითოეულ ამ ნივთზე კარცერია) და ხალხი ცხოვრობს... კი არ არსებობს - ცხოვრობს. მე ოთხი ციხე გამოვიცვალე. ყველაზე ცუდი ამ ახლადგარემონტებულ მიფუჩეჩებულ საკნებში შესვლა იყო. ვიცოდით, რომ ციხეებში დაგვხდებოდნენ ახალბედა ზედამხედველები, რომლებსაც ვეზიზღებოდით და ეშინოდათ ჩვენი. ესენი იყვნენ პოლიციიდან და ჯარიდან მოსული ტიპები, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ აქ კაციჭამების ხროვასთან უნდა ჰქონოდათ საქმე. ვიცოდით, რომ ამათ მორჯულებას დრო სჭირდებოდა. ჯერ უნდა ვეცემეთ, კარცერშიც ჩაგვსვავდნენ... მაგრამ მერე ადამიანური ამბავი თავისას იზავდა. ნაცნობი, კლასელი, უბნელი, ნათესავი გამოიძებნებოდა და „კლიუჩნიკები" თუ "ოპერები" "გაკეთილშობილდებოდნენ". საკნის სახლად გადაქცევასთან ერთად ისინიც გვეჩვეოდნენ... ჩაის დალევდნენ და ნარდს ითამაშებდნენ ჩვენთან ერთად. ნაჯდომ ხალხს შეეძლო ახალბედა ბადრაგების მოთვინიერება. ცოტაც და იჩითებოდა "ხოდი" და ციხე უკვე აღარ იყო კონცლაგერი, ჩნდებოდა ურთერთობა, ურთიერთდამოკიდებულება. რატომ გამახსენდა ახლა ეს?! ჯერ მაინც ახალი პონტია მიშას მეფობა ამ ქვეყანაში. ჯერ საღებავის სუნი უდის ამ საკანს. ჯერ ჩამორჩენილი, ბნელი რუსეთის მონები ვგონივართ ზედამხედველებს... მაგრამ რაღაც იცვლება... ჩვენ უკვე გავჩითეთ „ხოდი" ... ცოტაც არის და პატარ­პატარა ნივთებს შემოვიტანთ აქ", - წერს შალვა რამიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner