საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სოფელ დარჩელში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები გააცნეს.
კოვიდ-რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის ფარგლებში საწყისი ასაკის 50 წლამდე დაწევა იმუნიზაციის ტემპს გაზრდის.
შეხვედრაზე ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ ადგილობრივებს არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნო და არსებულ იმუნიზაციის ცენტრებზე ინფორმაცია მიაწოდა. ზუგდიდში ვაქცინაცია 5 სამედიცინო დაწესებულებასა და მასობრივი იმუნიზაციის ცენტრშია შესაძლებელი. მუნიციპალიტეტში, ასევე მოქმედებს მოძრავი იმუნიზაციის პუნქტი, რომელიც სხვადასხვა სოფლებსა და უბნებში მოსახლეობისთვის წინასწარ ცნობილი გრაფიკით მოძრაობს.