„14 იანვარი ქართული თეატრის დღეა. მინდა, ეს დღე მივულოცო ქართული თეატრის ყველა მსახურსა და მოყვარულს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი სახელოვანი წინაპრები ამ თარიღს ახალ წელსა და ბედობას, ალბათ, შემთხვევით არ დაუკავშირებდნენ.
მინდა, მხოლოდ სიკეთისა და წარმატებების დაბედება გისურვოთ.
„ხელოვნების მიზანი უბრალოა - მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა“.
ვინ ვინ და ამ სიტყვების ავტორმა, დიდმა კოტე მარჯანიშვილმა, ყველაზე უკეთ იცოდა, თუ რა ძნელად მისაღწევი იყო ეს „უბრალო“ მიზანი.
დღეს, პანდემიისა და სხვა არანაკლებ სერიოზულ გამოწვევათა პირობებში, ეს მიზანი კიდევ უფრო გართულებულია.
ამიტომაც დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ცნობილი სიტყვები, რომელთაც, ვერიკო ანჯაფარიძის მოწმობით, თავის მოწაფეებს კოტე მარჯანიშვილი მუდმივად უმეორებდა: „გვიყვარდეს ხელოვნება საკუთარ თავში და არა საკუთარი თავი ხელოვნებაში“.
ასეთ სიყვარულსა და დიდ შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ...“ - წერს წულუკიანი.