განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აგრძელებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების გაცნობას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ცნობით, ამჯერად, მინისტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია და ფიზიკოსთა კორპუსში განთავსებული ფიზიკის ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სტუდენტებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად მოაწყვეს და დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიად ითვლება ევროპაში. იგი აღიარებულია მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების მიერ. CERN-ს ლაბორატორია მოსწონს და წარმატებით იყენებს. ფიზიკის ლაბორატორიის ხშირი სტუმრები არიან ფიზიკით დაინტერესებული სკოლის მოსწავლეებიც.
მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეჯელავა იმ სამუშაოებსაც გაეცნო, რომელსაც უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში ატარებენ.
მინისტრი ასევე გაეცნო უნიკალურ ვირტუალურ ლაბორატორიას, რომელიც უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შექმნეს. ბოლოს ალექსანდრე ჯეჯელავა იმ ქართველ მეცნიერებს შეხვდა, რომლებიც ჩართულნი არიან ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბაი), KEK-ისა (იაპონია) და CERN-ის (შვეიცარია) ერთობლივ პროექტებში. ქართველი ფიზიკოსები წარმატებულად მოღვაწეობენ აღნიშნულ კვლევით ლაბორატორიებში, მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში.