„შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონი“ ეფექტიანად ანაცვლებს „დელტა“ ვარიანტს. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 7 მილიონზე მეტი „ომიკრონის“ შემთხვევა დაფიქსირდა ევროპის რეგიონში. ყველაზე დიდი წილი მოდის საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში. ახლა ეს ტალღა იწევს აღმოსავლეთ ევროპისკენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორმა ნინო ბერძულმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, კოვიდის ახალ ვარიანტს მსუბუქი მიმდინარეობა აცრილებში აქვს. მისივე თქმით, ვაქცინაციის დაბალი მოცვის გამო მოდუნების შესაძლებლობა არ გვაქვს.
„აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის მოცვა ძალიან დაბალია. გარკვეული მონაცემები გვაქვს, რომ „ომიკრონი“ შესაძლებელია უფრო მსუბუქად მიმდინარეობდეს „დელტას“ შტამთან შედარებით, მაგრამ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების გამო „ომიკრონის“ ტალღა შესაძლოა საკმაოდ მძიმე იყოს. ეს არის ის რეალობა, რაც ჩვენ დღეს ევროპის რეგიონში გვაქვს.
მეცნიერული მონაცემები გვაქვს სამხრეთ აფრიკიდან, სადაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი „ომიკრონის“ შემთხვევაში 5% იყო. ეს იმ დროს, როდესაც „ბეტას“ შემთხვევაში 19 % იყო და „დელტას“ შემთხვევაში 14%. დაახლოებით იგივე მაჩვენებლები მივიღეთ დიდი ბრიტანეთიდან. ვაქცინაციის დაბალი დაფარვის გამო მოდუნების შესაძლებლობა არ გვაქვს, რადგან არავაქცინირებულებში ხელოვნურ ვენტილაციაზე და რეანიმაციაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა არავაქცინირებულია. დაწყნარების და მოდუნების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. მსუბუქად შეიძლება მიმდინარეობდეს იმ ადამიანებში, ვინც სრულად აცრილია და განსაკუთრებით თუ „ბუსტერი“ აქვს გაკეთებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა იკლებს სიმპტომატურ დაავადებასთან მიმართებაში, მაგრამ ისიც ვიცით რომ „ბუსტერ“ დოზა ვაქცინის ეფექტიანობას მაღლა წევს და დაახლოებით 75-80 %-ს შეადგენს.
ჯანმო-ს ძირითადი რეკომენდაცია „ომიკრონის“ შემთხვევაში სტაბილიზაციის 5 კომპონენტის დაცვაა. ეს არის ვაქცინაციის პირველადი სერია, „ბუსტერ“ ვაქცინა, ნიღაბი. ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა უნდა ატარონ N95 ან FFP2 ნიღაბი და ეს მოხდეს განსაკუთებით დახურულ სივრცესა და ხალხმრავალ ადგილებში. უმნიშვნელოვანესია ვენტილაცია, უნდა გაანიავოთ შიდა სივრცეები და უმნიშვნელოვანესია დისტანციის დაცვა. მეხუთე კომპონენტი არის თერაპიული საშუალებების გამოყენება“, - განაცხადა ბერძულმა.