საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, დღეს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან გამართული სატელეფონო საუბარი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ის ყველაზე ახლო და საიმედო მოკავშირეა და რომ ორ ქვეყანას მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა აქვს.
"კარენ დონფრიდთან დღევანდელი საუბრის შედეგად, კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს. ჩვენი პოზიცია ურყევია - როგორც საქართველოსთვის, ასევე, ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთი მცდელობებით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას," - განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ რუსეთი თავად არის იმ შეთანხმებების ხელმომწერი, რომლის თანახმადაც ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილებები უსაფრთხოების ალიანსებთან დაკავშირებით.
"რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების მანძილზე თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ მიერ აშშ-თან, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან, როგორც საჯაროდ, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.
აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ. ჩვენ საერთო საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ - 2008 წელს საქართველომ გამოიარა რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მსოფლიომ, ჩვენმა პარტნიორებმა, აღარ უნდა დაუშვან ისტორიის გამეორება და ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით წავიდეს. სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობასა და დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული," - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.