ავტორი სალომე ჯანდიერი
„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვამბობ, ნაციონალები აშკარად განიცდიან ინტელექტუალურ კრიზისს", - „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ნაციონალების მიერ გამართულ აქციას „არა გაზპრომს" „რეპორტიორთან" საუბრისას აფასებს:
„გუშინ გაიმართა და რამდენიმე წუთში დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული „გრანდიოზული" აქცია - „არა გაზპრომს". უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვამბობ, ნაციონალები აშკარად განიცდიან ინტელექტუალურ კრიზისს, გუშინდელი აქცია ამის ნათელი მაგალითი გახლავთ. მათ გააპროტესტეს ბუნებაში არარსებული ფაქტი. კარგია, ბატონებო, ასე გააგრძელეთ! არ დაგავიწყდეთ, თქვენ საკუთარ თავს უწოდებთ მთავარ ოპოზიციურ ძალას. დიახ, თქვენ შესაძლოა მართლაც ხართ მთავარი ძალა, მაგრამ არა ოპოზიციური, არამედ „მთავარი არასერიოზული მოძრაობა". რა იყო თქვენი გუშინდელი დროში აცდენილი გამოხტომა, თუ არა არასერიოზულობის გამოვლინება. აქცია, რომელმაც სრული ფიასკო განიცადა. ეს გახლდათ არა შედეგზე ორიენტირებული, არამედ წმინდა პოლიტიკური აქცია. თვალში მომხვდა უკრაინული დროშების სიმრავლე, დიახ, მეც ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, მაგრამ არ არის საჭირო, საქართველოში გამართულ აქციაზე - „არა გაზპრომს" დომინირებდეს უკრიანული ფერები. როგორც ჩანს, ბელადის სიამოვნება სურდათ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. გუშინ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს საზოგადოებას, რომ ლეგენდა „მთავარი ოპოზიციური ძალა" არჩევნების დროს დასრულდება, რადგან მათ არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის მცირედი შანსიც კი არ რჩებათ. მათ ამის არც ინტელექტუალური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნიათ!" - აცხადებს ქადაგიძე.