logo_geo
eng_logo
საბერძნეთის ელჩი: დღეს მქონდა პატივი, დავით ზალკალიანისთვის რწმუნებათა სიგელების ასლები გადამეცა, ჩვენ ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა
- +

15 იანვარი. 2022. 11:18

 

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საბერძნეთის რესპუბლიკის დანიშნული ელჩის მარია თეოდორუს რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონია. ცერემონიის შემდეგ ელჩი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა დანიშნულ ელჩს ახალი თანამდებობა და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობით, იგი აქტიურად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

მინისტრმა და დანიშნულმა ელჩმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა გამოირჩევა მჭიდრო ისტორიულ-კულტურული კავშირებით, რაც კარგ საფუძველ იძლევა კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამასთან, აღინიშნა, რომ დამატებითი პოტენციალი არსებობს სავაჭრო და ეკონომიკურ, ტურიზმის, დაკავშირებადობის და საზღვაო სფეროებში ურთიერთობების გასაღრმავებლად.

 

შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ელჩმა მარია თეოდორუსმა განაცხადა, რომ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

 

„საქართველოში საბერძნეთის ახლადდანიშნული ელჩი გახლავართ. დღეს მქონდა პატივი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის, ბატონ დავით ზალკალიანისთვის გადამეცა რწმუნებათა სიგელების ასლები. ამის შემდგომ ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და გზები, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა.

 

ელჩის ამპლუაში საქართველო ჩემთვის პირველი ქვეყანაა. ასეთ ლამაზ ქვეყანაში ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა. დიდი იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე დასრულდება და მომეცემა შესაძლებლობა უფრო ახლოს ვიმუშაო როგორც ჩემს კოლეგებთან საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე ქართულ საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები უფრო მჭიდრო გახდეს.

 

ასევე ვიმედოვნებ, რომ მექნება საშუალება მოვინახულო თქვენი ლამაზი ქვეყანა და უკეთ გავეცნო ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს. ველოდები თბილისში ცხოვრების დაწყებას და ჩვენი ორი ქვეყნის მეგობრობისთვის მუშაობას“, - განაცხადა მარია თეოდორუსმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner