ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბრიუსელში NATO-ს მიწვევით ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ NATO-ელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება.
„ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან იყო ძალიან მკაფიოდ გაცხადებული, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, NATO-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც NATO-ს წარმომადგენლებთან , რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი NATO-ელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე დღის წინ გაიმართა NATO-რუსეთის საბჭოს შეხევდრა, სადაც იყო მსჯელობა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე. ზალკალიანის განცხადებით, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, NATO-ელ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია.
„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ ყოველდღიურად გვაქვს კავშირი ბრიუსელთან და ჩემი სატელეფონო საუბრის დროს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მან გადმომცა NATO-ს გენერალური მდივნის მიწვევა, რომ ვეწვიო ბრიუსელს და ბრიუსელში გავაგრძელოთ ჩვენ დისკუსია. ვფიქრობ, რომ ეს არის უაღრესად დროული და მნიშვნელოვანი ვიზიტი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს NATO-ს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.