„საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3 400 335 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 354 მილიონი დოლარია, რაც 15,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით" - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ძირითადად, მუდმივი ზრდა გვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან - აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.
„ტურიზმის სფეროში კარგი ზრდა გვაქვს ასევე ირანიდან, აქ რამდენიმე ასეული პროცენტია ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი. გარდა ამისა, კარგი ზრდა გვაქვს არაბთა გაერთიანებული საემიროებიოდან და მიმდებარე ქვეყნებიდან. „ფლაი დუბაი", პრაქტიკულად, სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ არამხოლოდ არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებს, არამედ იმ ხალხსაც, ვისაც იქ მიღებული აქვს „მაცხოვრებლის" სტატუსი.
„მინდა მოგახსენოთ, რომ შეიხ ნაჰიანის ბოლო ვიზიტის დროს საქართველოში იმყოფებოდა „ფლაი დუბაის" კომერციული დირექტორი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არამხოლოდ თბილისში, არამედ დანარჩენი მიმართულებითაც გააფართოვოს „ფლაი დუბაიმ" თავისი გეოგრაფია. ასევე იყო „ეტიჰადის" წარმომადგენელიც, ეს არის საკმაოდ დიდი ავიაკომპანია და ვფიქრობთ, რომ მათთანაც შევძლებთ მოლაპარაკებებს" - აღნიშნა ქუმსიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოიკვეთა სლოვაკეთი, ლატვია, უნგრეთი, ჩეხეთი და იტალია.
ასევე განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია, ირანი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ეგვიპტე, ფილიპინები და ა.შ.
რეკორდული მაჩვენებელებით გამოირჩევა ივლისის თვე: 2016 წლის ივლისში, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა 3.5%).
2016 წლის პირველ კვარტალში, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5% -ია.