„გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ბატონი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს - საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ.
ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ. ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს - თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი - ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში - 1.48%.
სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში.
ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია.
ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.