logo_geo
eng_logo
ილია მეორე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლისთავს ულოცავს
- +

16 იანვარი. 2022. 20:12

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს დაარსებიდან 100 წლისთავს ულოცავს.

 

მისი თქმით, მესამე ათასწლეულის დადგომამდე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ამ საქმეში ტექნიკურ უნივერსიტეტს ლომის წვლილი აქვს შეტანილი.

 

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გულითადად ვულოცავთ დაარსებიდან 100 წლისთავს. იგი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წიაღში ჩამოყალიბდა იმ მადლმოსილი პროფესორების თაოსნობითა და მონაწილეობით, რომელთაც დედა უნივერსიტეტს თავიდანვე მოუპოვეს სახელი და დიდება.

 

ტექნიკური უნივერსიტეტის წინსვლა მოკლე დროში მოხდა; მსოფლიო ამ მიმართულებით აღმავლობას განიცდიდა და ბუნებრივია, ეს ჩვენ ქვეყანაშიც ჰპოვებდა თავის გამოძახილს.

 

საუკუნის მანძილზე სასწავლებელში მრავალი ცვლილება მოხდა, მას მრავალი ფაკულტეტი და განხრა დაემატა და მოიცვა თითქმის ყველა მიმართულება, მათ შორის საღვთისმეტყველო.

 

და თუ მესამე ათასწლეულის დადგომამდე საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა, რომლის ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, ამ საქმეში ამ უნივერსიტეტს ლომის წვლილი აქვს შეტანილი.

 

მინდა დავლოცო მის კედლებში მოღვაწე და აწ უკვე გარდაცვლილი პროფესორ-მასწავლებლები და ყოფილი სტუდენტები და შევავედრო მათი უკვდავი სული ღმერთს, რათა უფალმა ისინი სავანესა მართალთასა დააწესოს.

 

ასევე ვლოცავ მოქმედ პედაგოგებსა და სტუდენტებს, მომსახურე პერსონალს, ამ უნივერსიტეტდამთავრებულ ყველა ადამიანს. თქვენ ჩვენი ქვეყნის იმედი ხართ.

უფალმა შეგაძლებინოთ თქვენი მოვალეობის პირნათლად შესრულება.

 

გახსოვდეთ, ღვთის წინაშე არ არსებობს რანგირება თანამდებობების მიხედვით, არსებობს დაკისრებული პასუხისმგებლობა და მისი მეტ-ნაკლებად შემსრულებელნი. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ყველაზე დიდი რექტორის ფუნქციაა.

 

ბატონი დავით გურგენიძე, მართალია, ახლადარჩეული რექტორია, მაგრამ შეძლო მოკლე დროში ახალგაზრდების სიყვარულის მოპოვება. მინდა ვუსურვო მას სწავლების კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანა და მაღალპროფესიული კადრებით ქვეყნის გახარება.

 

ყველას კიდევ ერთხელ გლოცავთ და გილოცავთ ღირსახსოვარ იუბილეს.

 

გილოცავთ ქრისტეს შობის დიდებულ ზეიმს და ნათლისღების დამდეგ დღესასწაულს“, - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისალოც წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner