„სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემუშავებული სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სოციალური აგენტებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების ხელფასები თებერვლიდან გაიზრდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.
ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60 % -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სოციალური სერვისების შეუფერხებლად მიწოდებაა. ამ მიზნით გრძელდება სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა, როგორც ორგანიზაციული, ასევე სტრუქტურული ცვლილებების კუთხით.