პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე განმარტავს, თუ რატომ მოხდა პარლამენტში ინიცირება საკონსტიტუციო პროექტის, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ნორმის დაკონკრეტებას გულისხმობს.
როგორც კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კონსტიტუციაში ამ დროისთვის ნახსენებია მხოლოდ მეუღლეები და არ არის დაკონკრეტებული, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რაც გარკვეული ჯგუფების მხრიდან სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
ვიცე სპიკერი მიიჩნევს, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად უნდა დაკონკრეტდეს - ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ან მამაკაცისა და ქალის ერთობა.
„როდესაც 1995 წელს წერდნენ კონსტიტუციას, მათ ნამდვილად სხვა არაფერი უგულისხმიათ და უფიქრიათ გარდა იმისა, რომ ქორწინება არის მხოლოდ ქალსა და მამაკაცს ან მამაკაცსა და ქალს შორის კავშირი. აქედან გამომდინარე მოხდა სამოქალაქო კოდექსში ქორწინების უფრო მეტი დაკონკრეტება და ზოგადად დეფინიციის უფრო კონკრეტულად ასახვა. არაფერი სადავო არ არის და არც იქნებოდა, რომ არა მცდელობები, იმისა რომ სხვა ინტერპრეტაციით მოხდეს კონსტიტუციური ჩანაწერის წაკითხვა, სადაც საუბარია მხოლოდ მეუღლეებზე და არ არის მითითებული კონკრეტულად ქალი და მამაკაცი. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, კარგი იქნება კონკრეტულად გაიწეროს კონსტიტუციაში. შესაძლოა თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ ცვლილებით იზღუდება სექსუალური უმცირესობების უფლებები, როგორც ჩანს სწორედ მათ აქვთ ასეთი აღქმა ამ ნორმის, რომ თუ ამ ცვლილებას განვახორციელებთ თურმე უმცირესობების უფლებებს შევზღუდავთ. ისინი ფართოდ განმარტავენ, რომ თუ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი დღეს მათ ამ უფლებას არ ანიჭებს, მოსალოდნელია ხვალ ან ზეგ ასე განიმარტოს ეს ნორმა. ამ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ საჭირო იყო ამის განხორციელება. მას შემდეგ რაც ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გახლდით, რათა მიგვეტანა მოსახლეობამდე ამ ცვლილების არსი, მინდა გითხრათ, დაგვხვდა ის რეალობა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სურვილი ეს ცვლილება მყარად იყოს გაწერილი უმთავრეს კანონში. იმასაც გეტყვით, მას შემდეგ რაც აღნიშნულ ნორმაზე მსჯელობა დავიწყეთ პარლამენტში, ათეულობით წერილი შემოვიდა პარლამენტში პირადად ჩემს სახელზე და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. ეს წერილები იყო უცხო ქვეყნებიდან გამოგზავნილი სრულიად უცხო ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ითხოვდნენ, რომ ეს ინიციატივა გაგვეხმო უკან. საფუძვლად მითითებული იყო, რომ ამ ცვლილებით საქართველოს პარლამენტი მოახდენს უმცირესობების უფლებების შეზღუდვას. როგორც ჩანს, მათი მხრიდანაც ასეთი აღქმა იყო, რომ კონსტიტუცია იძლევა ასეთ შესაძლებლობას და ამ ცვლილებით ჩვენ ვინმეს უფლებას ვზღუდავთ. ეს ასე არ არის. კონსტიტუცია გულისხმობს იმას, რაც შემდეგ გაიწერა სამოქალაქო კოდექსში. შესაძლოა კონსტიტუციური ჩანაწერი გარკვეულმა ჯგუფმა სხვაგვარად წაიკითხოს და შემდეგ შესაძლოა თავსატეხი ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუჩნდეს თუ როგორ მოახდინოს ამ ნორმის. ინტერპრეტირება. ჩვენ ამის თავიდან ასაცილებლად კონკრეტულად უნდა გავწეროთ ის, რაც კონსტიტუციის ავტორებმა თავისდროს იგულისხმეს. მერწმუნეთ დღეს, არც იურისტები და არც უმრავლესობა არ დავობს, რომ სწორედ ამაზეა საუბარი. ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაჟღერდა ინიციატივა კონსტიტუციაში ქორწინების შესაბამისი მარეგულირებელი ნორმის უფრო მეტი განსაზღვრულობის თაობაზე. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაცხადდა ამ ინიციატივის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობამ, გარდა "რესპუბლიკური პარტიისა", მოახდინა ინიცირება კონსტიტუციური კანონპროექტის ცვლილებების თაობაზე. როგორც ოპოზიციური პარტია, "თავისუფალი დემოკრატები" იყო ჩვენთან ერთად ინიციატორი. იყო მსჯელობა, დისკუსია, მაგრამ სამწუხაროდ ოპონენტებიდან არ იყო მხარდაჭერა და ვერ შედგა საკონსტიტუციო ქვორუმი, რაზეც კენჭისყრა ვერ მოხდა. პოლიტიკური ნება "ქართული ოცნების" თავიდანვე გაცხადდა, რომ ჩვენ მიზანშეწონილად და საჭიროდ მიგვაჩნია კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის არსებობა. რაიმე სპეკულირება და არჩევნებთან დაკავშირება, უსაფუძვლოა. პოლიტიკური სპეკულაციებია როცა ამ თემას არჩევნებს უკავშირებენ. როდესაც 200 000 ადამიანი ხელს აწერს ამ მოთხოვნას და მხარს უჭერს რეფერენდუმის ჩატარებას, იგივე ოპოზიციამ პატივი უნდა სცეს ამ ადამიანების განაცხადს. აწი საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს", - აღნიშნა ვიცე სპიკერმა.