გიორგი პაპუაშვილის სკანდალურმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ სამართალდამცველები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, ის ინსტიტუცია დააყენა ეჭვქვეშ, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, რის საფუძველზეც საკანმომდებლო სივრცე კონსტიტუციასთან მოდის შესაბამისობაში, ეს კი არათუ ერთ კონკრეტულ მოსარჩელის, არამედ თითოეული ჩვენგანის ყოფას შეეხება.
მოვლენების განვითარებამ გვაჩვენა, რომ არათუ მომავალში მიღებული საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, არამედ უკვე მიღებულიც, ვინაიდან მოსამართლეთა ერთმა ჯგუფმა თავმჯდომარისთვის მიწერილ წერილში, პირიქით, პაპუაშვილი დაადანაშაულა სარჩელების სელექციაში ჩვეულებრივი და პოლიტიკური კონტექსტის საქმეებიდან, სადაც ამ უკანასკნელს დაჩქარებულ ერჟიმში განიხილავდა და წყვეტდა.
დაპირისპირებში საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრაკაციან შემადგენლობაში ხმები 5/4 ზე გაიყო.
თავმჯდომარეს ხუთი მოსამართლე უპირისპირდება და ერთ-ერთი მათგანი ახალი ხელისუფლების პირობებში შერჩეული მოსამართლე, მერაბ ტურავაა.
„საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი მოსამართლეობის წელიწად-ნახევრის მანძილზე დავინახე, რომ სასამართლო განსხვავებულად უდგება სხვადასხვა საქმეს.
ხდება გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორმირება, განსაკუთრებით კი იმ საქმეების, რომლებსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს.
„რუსთავი 2" - ის, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეების ჩანიშვნა ძალიან ჩქარა მოხდა. ამის გარდა ჩემთვის გასაკვირი იყო, რატომ ხდებოდა, რომ პოლიტიკური კონტექსტის მქონე საქმეები თავს იყრიდა ყოველთვის პირველ კოლეგიაში. ეს ჩემთვის გარკვეული ეჭვების აღმძვრელი იყო.
ჩემს გარდა არის სამი მოსამართლე, რომელსაც თავმჯდომარისთვის ჩვენ მიერ დაწერილი განცხადებისთვის ხელი არ ჰქონდა მოწერილი.
მიუხედავად იმისა, რომ მხარე ყოველთვის აყენებდა შუამდგომლობას ჩვენს აცილებაზე, ასეთი საქმეები რატომღაც, ავტომატურ რეჟიმში მაინც პირველ კოლეგიაში ხვდებოდა", - განაცხადა მერაბ ტურავამ.