არიზონის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკა საერთაშორისო არენაზე საბოლოოდ დაამცირა.
„პუტინი მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება. პუტინი ახლა იმუქრება, რომ კუბასა და ვენესუელაში შევა. ეს უპატივცემულობაა და ჩვენ არასდროს გვქონია ეს პრობლემა. პუტინთან და უკრაინასთან არანაირი პრობლემა არ გვქონია. ტაივანში პრეზიდენტ სი ძინპინთან პრობლემა არ გვქონია. ჩინეთი, რუსეთი და ირანი აგრესიასა და პროვოკაციებს მიმართავენ. ერთი წლის წინ, ისინი ამის გაკეთებას ვერ გაბედავდნენ. ისინი ამას არასდროს გააკეთებდნენ. ახლა კი გვეთამაშებიან“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ყველამ იცოდა, რომ ჯო ბაიდენი არც ისეთი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა, თუმცა ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის აშშ-სთვის ასეთი კატასტროფა იქნებოდა.
„მჯერა, რომ 2024 წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა 2022 არის წელი, როდესაც ჩვენ წარმომადგენელთა პალატასა და სენატს დავიბრუნებთ. ამერიკას დავიბრუნებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2024 წელს ჩვენ თეთრ სახლსაც დავიბრუნებთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.