შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა - ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს - 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა.
საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი - ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას - ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“, - აცხადებენ სამინისტროში.