„შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვეობით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს“ - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში საუბრობს.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში იკვრება მთელი ის წრე, რაზედაც წინა წერილში ისაუბრა და აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება.
„ამბოხებულმა“ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ - ნამდვილად ვერ შეფუთავენ ამ ყველაფერს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის“ საფარქვეშ“ - წერს ქადაგიძე.
„ამ, ასე ვთქვათ, სააკაშვილი-მშვენიერაძის ხრიკზე არ ვისაუბრებდი, რომ არა იგივე ამ „ამბოხებული“ მოსამართლეების სიჩუმე სწორედ ამ ფაქტზე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი (რომელიც გამორჩეული იყო და „გამოცდილი“ იყო სწორედ რეპრესიებით და მოსამართლეების გაყრა-დამორჩილებით და დევნით მთელი თავისი 9 წლიანი მმართველობის პერიოდში) ღიად აანონსებს მათივე კოლეგა-მოსამართლეების შავ სიაში შეყვანას და ხალხის მტრებად გამოცხადებას. ელემენტარულად, როდესაც რეალურ დამოუკიდებლობაზე გაქვს პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში, როდესაც შენი კოლეგების „გაცხადებული რეპრესიების ქრონიკა“ ანონსდება ყოფილი პრეზიდენტისგან, რომელსაც ამის “მდიდარი გამოცდილება“ გააჩნია, ფორმალურად მაინც რაღაც თქვი და დაგმე. თუმცა, ცხადია ეს „წაყრუება“ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ „შავი სიების“ დაანონსება სწორედ ამბოხებულმა ჯგუფმა გიორგი მშვენიერაძის მეშვებით სთხოვა სააკაშვილს, რათა კიდევ უფრო მეტი მოსამართლე დაშინდეს, მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და ამით მათი პოზიციები გაძლიერდეს.
უფრო მეტიც, აშკარაა უკვე ის გარემოებაც, რომ „შავი სიის“ ნომინაციებიც სწორედ მესხიშვილთან და ამ ჯგუფთან „კონსულტაციის“ შედეგად შედგება და სწორედ ისინი დაასახელებენ კანდიდატებს სასამართლოდან” – წერს ქადაგიძე. მისივე თქმით, ამ ამბოხების კამპანიას, იმავე სააკაშვილის დავალებით, აქტიურად აშუქებს მათივე სატელიტი სამივე ტელეარხი. „ეხლაც ტვ. ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი წლის დღეებში, ცხადია სააკაშვილის 5 იანვრის განცხადების („შავ სიებზე“ და „ხალხის მტრებზე“) გავრცელების შემდეგ, თურმე „ექსკლუზიურად“ შეიტყვეს, რომ ეს მოსამართლეები ამ კანონის გასაჩივრებას გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში და ამას მიუძღვნეს სიუჟეტებიც. ანუ აქედანაც უკვე ჩანს, რომ მოსამართლეების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის გასაჩივრება იქნება ახალი სერია - მოსამართლეთა „ამბოხების ქრონიკებში“ და ამისთვის მოსამართლეებთან კოორდინირებულად ამზადებენ პიარულ ნიადაგს.
მოსამართლეთა სანქცირების თაობაზე სააკაშვილის ინიციატივას ასევე გამოეხმაურა „ნაც. მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე და აღნიშნა, რომ ეს სწორი ინიციატივაა მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ხატია დეკანოიძე იყო ქეთევან მესხიშვილის მაღალჩინოსანი მეუღლის ხელმძღვანელი შ.ს.ს.-ს ორგანოებში წლების განმავლობაში და ახლაც სწორედ „პარტიული ინსტრუქციების“ მიღება ამ „არხით“ აქტიურად ხორციელდება ცოლ-ქმარი მესხიშვილების მიერ. ფორმულას სიუჟეტში კი მოსამართლეთა პროტესტის გაძლიერებაზე საუბრობს იგივე გიორგი მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე (რომელიც მშვენიერაძის ყოფილ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს ამჟამად) და რომელზეც წინა წერილში აღვნიშნე კიდეც, რომ თავის მეუღლესთან ერთად აქტიურ კოორდინაციაშია „ამბოხებულ“ მოსამართლეთა ჯგუფთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სუბიექტების მხრიდან.
საბოლოო ჯამში იკვრება მთელი ის წრე, რაზედაც მე ვისაუბრე წინა წერილში და აშკარაა, რომ ეს ყველაფერი „ნაც. მოძრაობის“ და მისი სატელიტების პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება და „ამბოხებულმა“ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ - ნამდვილად ვერ შეფუთავენ ამ ყველაფერს „დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის“ საფარქვეშ. ეს იქნება მკაფიო პოლიტიკური დემარში, რომელსაც ჰყავს თავისი „დირიჟორი“ და რომელიც გათვლილია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად, საერთო სასამართლოების გამოყენებით. მსგავსი პარალელი შეიძლება გავავლოთ 2016 წლის მოვლენებთან საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც პოლიტიკურ პროცესებში ჩაითრიეს მაშინდელი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლე, რომლებიც ზუსტად იმავე სააკაშვილის და ნაც. მოძრაობის პირდაპირ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ცდილობდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“, - წერს ქადაგიძე.