საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეების განხილვასთან დაკავშირებით აშკარა ტენდენციურობა შეინიშნება.
ფოფხაძის თქმით, ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ სასამართლოს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პლენუმზე გადაცემული საქმეებიდან არც ერთი განუხილავს 4 თვეზე ნაკლებ პერიოდში და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე - უგულავას და "რუსთავი 2" - ის საქმეზე გამონაკლისი დაუშვეს და ბოლო 3 თვეში განიხილეს, სტატისტიკა თავად საუბრობს თავის თავზე.
„იმის თქმა, რომ ეს მაღალსაზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და ამიტომ სწრაფად უნდა განვიხილოთო, არასწორია, რადგან თუ ზოგადი სტანდარტი გაქვს, ნიშნავს, რომ მეტნაკლებად გჭირდება ეს სვლა იმისთვის, რომ ობიექტური და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუ საკითხებს უფრო ჩქარი ტემპით იხილავ და შეზღუდულ ვადებში, ნიშნავს, რომ ან დაინტერესება გაქვს ამ საქმეებით, ან ტენდენციური ხარ; უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვს და არ გჭირდება არც მასალების შესწავლა, არც საკითხის გააზრება.
თავისთავად, ეს სტატისტიკა სხვა რამეზე, ჩემი აზრით, არ უნდა მეტყველებდეს. შეიძლება, სხვამ რაღაც ლოგიკა დაგვანახოს ამაში, მაგრამ სტატისტიკის ლოგიკას რომ მივყვეთ, სხვა დასკვნის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა ფოფხაძემ.