logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაზე: ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებზე
- +

17 იანვარი. 2022. 18:01

 

 

„დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მთავრობის სხდომაზე და ეს გადაწყვეტილებები იყო ორი მიმართულებით, რომლის მთავარი მიზანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება და უფრო მეტი ხელმისაწვდომობის ზრდა,“ - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ერთი უკავშირდებოდა თურქეთის ბაზარზე აღიარების რეჟიმის შემოტანას და პარალელური იმპორტის შესაძლებლობას, მეორე ეს არის მხარდაჭერა იმ რეკომენდაციების, რომლებიც კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგად იყო წარმოდგენილი. ჯამში ჩვენ 13 რეკომენდაცია გავეცით და პირველი რიგის რეკომენდაციებში მოხვდა 11 რეკომენდაცია და სწორად ამ რეკომენდაციების მხარდაჭერაზეც იყო განცხადება გაკეთებული. პრემიერის დავალებით ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ამ რეგულირების პაკეტზე და მათ შორის ბუნებრივია ჩვენც ვიქნებით ჩართულები.

 

რაც შეეხება თურქეთის ბაზარს, ბუნებრივია თურქეთის ბაზარი, საკმაოდ მოცულობითია, აქამდე გარკვეული შეზღუდვა მოქმედებდა და არ გვქონდა პარალელური იმპორტის შესაძლებლობა. თუმცა ჩვენ რომ ვნახოთ ფასების კონტრასტი ერთი და იგივე ტიპის მედიკამენტებზე, მათ შორის ხარისხიან და ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე, ფასები არის საკმაოდ მნიშვნელოვნად განსხვავებული. პირობითად, თუ თურქეთის საცალო ქსელში, პირობითად ქ. ხოფაში ღირს კონკრეტული მედიკამენტი ლარი და 60, საქართველოში შეიძლება იგივე მედიკამენტი 10-12 ლარის ფარგლებში ღირდეს. რატომ ხდება ეს ასე - ზოგადად მსოფლიოში აღიარებულ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომლებიც არიან მიმწოდებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რა თქმა უნდა ისინი ბაზრის სიდიდეს უყურებენ, რაც ერთ-ერთი გადამწყვეტია, რომელიც განსაზღვრავს მიწოდების ფასს. ანუ, თურქეთის ბაზრისთვის იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რომლებიც იქ არსებობს, ფასი არის ბევრად დაბალი, ჩვენი ქვეყნისთვის ეს ფასი არის შედარებით განსხვავებული. იმ რეჟიმის გახსნა და პარალელური იმპორტის შესაძლებლობა იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რომ საქართველოში თურქეთიდან იყოს იმპორტირებული მაღალი ხარისხის, მაგრამ იაფი მედიკამენტები და ამან მნიშვნელოვნად გაუადვილოს წვდომა საქართველოს მოქალაქეებს ბევრად უფრო იაფ მედიკამენტებზე“, - განაცხადა ლექვინაძემ.

 

კითხვაზე - რატომ იყო აქამდე თურქეთის ბაზარი შეზღუდული საქართველოსთვის, - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ასე პასუხობს:

 

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ხდება ასე ვთქვათ გამარტივებული პირობებით მედიკამენტების შემოტანა, (ან არ არის ეს გამარტივებული პირობები, ამას განსაზღვრავს შესაბამისი სამინისტრო) ევროკავშირი, ისრაელი, რამდენიმე განვითარებული აზიური ქვეყანა იყო ამ ჩამონათვალში, თუმცა თურქეთი და რიგი ქვეყნები ამ ჩამონათვალში არ ხვდებოდა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს დაკავშირებული იყო გარკვეულ ხარისხობრივ სტანდარტებთან. თუმცა დღეს მკაფიოდ იყო აღნიშნული, რომ მაღალი ხარისხის, მაგრამ შედარებით იაფი მედიკამენტებისთვის იგივე აღიარებითი რეჟიმი იმუშავებს, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპის ქვეყნებთან და წვდომა, თავისი სიახლოვიდან გამომდინარე, იმპორტიორ კომპანიებს, რომლებიც შემოიტანენ აღნიშნულ მედიკამენტებს საქართველოში და შესთავაზებენ მოქალაქეებს, ექნება ბუნებრივია უფრო მეტი. ბუნებრივია ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს დანახარჯებზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გასწევენ“.

 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად დაწევს მედიკამენტების ფასებს საქართველოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner