ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და დევნილ ქალებს, ძუძუს კიბოს პრევენციის მიზნით უფასო გამოკვლევა ჩაუტარდათ.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია, რომელიც ვაზისუბანსა და მე-8 ლეგიონში მცხოვრები ქალებისთვის თბილისის მე-4 საოჯახო სამედიცინო ცენტრში გაიმართა, ორი დღე გაგრძელდება.
ირაკლი აბუსერიძემ სამედიცინო ცენტრში შეკრებილ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან და დევნილ ქალებს 8 მარტი მიულოცა და მათ ჯანმრთელობა, სიკეთე და წარმატება უსურვა.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სამედიცინო აქციის მიზანი იმ ქალების დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„ვულოცავ ქალბატონებს გაზაფხულის ყველა დღესასწაულს და მათ უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას ვუსურვებ. მიმდინარე საქველმოქმედო აქციის მიზანიც ხომ ქალთა დაავადებათა დროული დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენციაა. მადლობას ვუხდი კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს აქტიური თანამშრომლობისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს მომავალში სისტემატიური ხასიათი ექნება", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სამედიცინო გამოკვლევები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონში მცხოვრები ქალებისთვის შარშანაც გაიმართა და დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მრავალი ქალის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.