„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.
ბარკალაიას თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს - 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ. მისივე თქმით ანაზღაურება გაეზრდებათ სოციალურ აგენტებსაც.
„განცხადებების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ეს პროცესი არ შეწყვეტილა და ამ მხრივ ხარვეზი არც მომავალში შეიქმნება. რაც შეეხება სოციალური აგენტების მოთხოვნებზე ჩვენს რეაგირებას, ხელფასებთან და შრომის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე თვეა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ამ საკითხზე. წინა კვირაში მიღებულ იყო გადაწყვეტილება შრომის ანაზღაურების მატებასთან დაკავშირებით. სოციალურ აგენტებს და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ხელფასები თებერვლიდან ეზრდებათ. ეს არის ის სახელფასო ბადე, რომელიც შესაბამისობაში მოდის როგორც ჩვენი სხვა სსიპების თანამშრომელთა ანაზღაურებასთან, ასევე დღეს არსებულ ბაზარზე მსგავსი კვალიფიკაციისა და ფუნქციის მქონე დასაქმებულთა ანაზღაურებასთან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს - 730 პირს (დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლები, სპეციალისტები, უფროსი და მთავარი სპეციალისტები) ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ.
რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, ისინი პროგრამის ფარგლებში დასაქმებული თანამშრომლები არიან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან - აფასებენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს მათი მოწყვლადობის დადგენის მიზნით, ეს არის სოციალური აგენტების ფუნქცია. მათი ხელფასი ორ ნაწილადაა დაყოფილი - ერთია ფიქსირებული და მეორე გამომუშავებით ანაზღაურება. სოციალური აგენტისთვის ფიქსირებული ნაწილი 250 ლარია, უფროსი სოციალური აგენტისთვის კი - 550 ლარი. ასევე გამომუშავებით ანაზღაურება თითოეულ დეკლარაციაზე 6 ლარია. მოგეხსენებათ, რომ პანდემიის პერიოდში მორატორიუმია გამოცხადებული, შესაბამისად, სოციალური აგენტები მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს იღებენ, რადგან ისინი ამ პერიოდის განმავლობაში არ მუშაობენ და მათი საჭიროება არ არის. მატება ორივე კომპონენტს ეხება. ფიქსირებული ანაზღაურება 250-დან 400 ლარამდე და უფროსი სოციალური აგენტისთვის - 550-დან 700 ლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება გამომუშავებას, ერთი დეკლარაციის შევსება 6 ლარიდან 10 ლარამდე გაიზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს განვითარების და გაძლიერების პროცესში ეს არის პირველი ეტაპი, შემდგომი ეტაპი არის არის ფინანსური და რესურსული გაძლიერება, ასევე აღსანიშნავია, რომ მუშაობა უვე დაწყებულია შეფასების მეთოდოლოგიაში ცვლილების კუთხითაც. ამ ეტაპზე, ის ანაზღაურება, რაც შეთავაზებულია, ვფიქრობთ, ადეკვატურია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ. ჩვენი თვითმიზანი არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს არ შეუწყდეთ სერვისები, ამის გარანტი ხდება სააგენტო. პროცესში ჩაერთვებიან სხვა თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გაფიცვის რეჟიმში. ასევე მოვაბილიზებთ დამატებით რესურსსაც, რომ ჩვენი მოქალაქეების განცხადებები მიუღებელი არ დარჩეს.
ვფიქრობთ, დღეს თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ჩვენ ამ რესურსს აუცილებლად გამოვიყენებთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ.