logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება
- +

17 იანვარი. 2022. 19:21

 

„ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება“, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

მან მწუხარება გამოთქვა სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიის გამო. მომხდარის გამო ხუნდაძე გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

 

გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს. დევნილები ის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფია, ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს. შეუფასებელია მათი ტკივილი თუნდაც მხოლოდ დევნილობის სტატუსის გამო. 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა, მესმის იმ ოჯახების, ვისაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და მოუთმენლად ელიან საცხოვრებელ ფართებს.

 

სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან.

 

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

როგორც ცნობილია, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

 

ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner