logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული, სამ წელიწადში საცხოვრებლით ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება
- +

17 იანვარი. 2022. 20:11

 

„2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, სხვა რომ დაკმაყოფილდა, თავადაც რატომ არ დაკმაყოფილდნენ და სიაში რატომ არ იყვნენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნაძალადევის მაჟორიტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, სამ წელიწადში ყველა დევნილი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებლით.

 

„სანატორიუმი „ქართლი“ და იქ მცხოვრებ დევნილთა მდგომარეობა უშუალოდ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში შედის. ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში, როცა სახელმწიფომ 200 დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა, ამას სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებთა პროტესტი მოჰყვა, თუ რატომ არ იყვნენ ისინი ამ 200 ოჯახს შორის წარმოდგენილი. მაშინ, ამ ადამიანებს შევხვდით და დავპირდი, რომ მათი კონკრეტული პრობლემა იქნებოდა განხილული და მიტანილი ხელისუფლებასთან. ზუსტად სამ დღეში, მათ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები შევახვედრე და გამოიყო კომისია, სადაც აღრიცხვა უნდა მომხდარიყო ადამიანების, ვინ რა კრიტერიუმებით ისარგებლებდა ბინების მიღების დროს. მათთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში იყო და შემოდგომისთვის ყველა ადამიანის აღრიცხვა მოხდა – ვის რა ეკუთვნის, რამდენი ქულა აქვს და როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაკმაყოფილება. ვერც ერთი ადამიანი ვერ მეტყვის, რომ ისე არ იყო, რასაც ახლა გიყვებით. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მდგომარეობას პოლიტიკური პროტესტი ყოველთვის თან სდევდა. მართლა მძიმე მდგომარეობაა და ყოველთვის იყო დაპირება, ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იყო, ქირით მომხდარიყო მათი გაყვანა, თუმცა ეს ადამიანები კატეგორიულ უარზე იყვნენ, ვიდრე ბინებით დაკმაყოფილების გარანტიას არ მიიღებდნენ. როცა თითოეული ოჯახის აღრიცხვა დასრულდა, შემდეგ დევნილთა სამინისტრომ წინადადება შეიმუშავა და ამ ადამიანებს დოკუმენტალურად დაუდასტურდათ, რომ ისინი ბინებით აუცილებლად დაკმაყოფილდებოდნენ. ეს დროის ფაქტორი იყო, რადგან საჭირო იყო კონკურსის გამოცხადება სამშენებლო კომპანიებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, არ გამოჩნდა არც ერთი სამშენებლო კომპანია. 2 იანვარს, როცა არც ერთმა სამშენებლო კომპანიამ კონკურში მონაწილეობა არ მოინდომა და დევნილებს შევხვდით. მათი ქირით გაყვანის შესახებ პირობა გაიცა. 550 დოლარზე საუბარი იყო და ნათქვამი იყო, რომ თუ ბინას ნახავდნენ, შეეძლებოდათ, სარგებლობა და დევნილთა სამინისტრო დააკმაყოფილებდათ. კვირის ბოლოსთვის კონკრეტული შეთავაზებები იქნება და განსაზღვრება, რომ 2022 წელს ყველა მათგანი ბინებით დაკმაყოფილდება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, სამ წელიწადში ყველა დევნილი, დარჩენილია დაახლოებით 18 ათასამდე უზრუნველყოფილი იქნება.

 

„ჩემი მხრიდან არც ერთი დაპირება არ არსებობს გაცემული, რაც არ შესრულდა. არც ერთი დღე არ ყოფილა მათთან კომუნიკაციის გარეშე. დოკუმენტალურად იქნება გაწერილი, რომ ვიდრე ბინას არ მიიღებენ, ქირით გაყვანის შესაძლებლობა ექნებათ. 2012 წლის შემდეგ დაახლოებით 23 ათასი დევნილია დაკმაყოფილებული. სანატირიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა უკმაყოფილება იმან გამოიწვია, სხვა რომ დაკმაყოფილდა, თავადაც რატომ არ დაკმაყოფილდნენ და სიაში რატომ არ იყვნენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, რომ სამ წელიწადში ყველა დევნილი - დარჩენილია დაახლოებით 18 ათასამდე უზრუნველყოფილი იქნება. ოპოზიცია ადამიანების ტრაგედიით სარგებლობს და ამაში სახალხო დამცველიც ჩაერთო. ერთიანი სენია და გული მწყდება, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თითქოს რადიკალურ ოპოზიციას გამიჯნულია, მოქმედებს დღის წესრიგის ერთიანი ქსელი. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ დევნილების მდგომარეობა და მომხდარი ტრაგედია თავიანთი მავნებლური პოლიტიკისთვის. სამწუხაროდ, მთელი ოპოზიცია იმ ერთი არსების გზავნილებით ხელმძღვანელობს, რომელიც ციხეში იმყოფება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner