„კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება 700 მილიარდიდან 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა“, - ამის შესახებ BBC ორგანიზაცია Oxfam-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს, სახელწოდებით „უთანასწორობა კლავს“.
ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის მარტიდან 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება დღეში 1,3 მილიარდი დოლარით იზრდება. ამასთან, დედამიწის მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.
Oxfam-ში მიაჩნიათ, რომ მილიარდერების გამდიდრებას იმ ეკონომიკურმა დახმარებამაც შეუწყო ხელი, რომელიც პანდემიის ფონზე სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა ბიზნეს-სექტორს გაუწია. „თუ ხვალ ეს 10 ადამიანი ქონების 99,999%-ს დაკარგავს, მაინც პლანეტის მოსახლეობის 99%-ზე მდიდრები იქნებიან“, - განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუხერმა.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად უთანასწორობა სულ მცირე 21 ათასი ადამიანის გარდაცვალებას იწვევს, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ჯანდაცვაზე, არიან გენდერული ძალადობის, შიმშილისა და კლიმატის ცვლილებების მსხვერპლნი.