„საბედნიეროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება, რაც ერთი მხრივ იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება „ომიკრონის“ ფონზე არ იკვეთება,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასევე ჩვენთანაც „ომიკრონის“ გავრცელება დაწყებულია.
„დღეს შემთხვევების რაოდენობა მაღალი იყო, ჩვენ ამას სამშაბათის ეფექტსაც ვუწოდებთ. შაბათ-კვირას შედარებით ნაკლებია ტესტირება და სამშაბათს მეტი რაოდენობა ფიქსირდება, თუმცა მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო სხვა დღეებთან შედარებით. როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ჩვენთანაც დაწყებულია „ომიკრონის“ გავრცელება და ეს შტამი თავისთავად იწვევს შემთხვევების მატებას. ეს უკვე თვალსაჩინოა და რა თქმა უნდა, სისტემა სრულ მზაობაშია იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევების მატების ტალღასთან ერთად პასუხიც შესაფერისი გვქონდეს. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მატება და იმის ნიშნები, რომ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება, რაც ერთი მხრივ იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება „ომიკრონის“ ფონზე არ იკვეთება. ამის გამოცდილება აქვთ სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ სიფრთხილე მაინც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.